მცხეთის მერია ქალთა პარფიუმერიისა და მაკიაჟის 75-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერებს ყიდულობს

პუბლიკა

მცხეთის მუნიციპალიტეტი პარფიუმერიის სასაჩუქრე ვაუჩერის შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 250 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა შემსყიდველს ქალთა პარფიუმერიისა და მაკიაჟის 110 სასაჩუქრე ვაუჩერი უნდა გადასცეს.

მითითებულია, რომ თითოეული ვაუჩერით შესაძლებელი უნდა იყოს მიმწოდებელი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ მაღაზიათა ქსელის ნებისმიერ ფილიალში, თბილისის მასშტაბით, შეუზღუდავად, 75 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენა, ვაუჩერის წარდგენისთანავე.

დოკუმენტაციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ღირებულება აღემატება 75 ლარს, ეს თანხა თავად მყიდველმა უნდა დაამატოს.

მცხეთის მერიის მოთხოვნით,  შეთავაზებულ მაღაზიათა ქსელში  წარმოდგენილი უნდა იყოს  ქალთა სუნამოების ფართო ასორტიმენტი, არანაკლებ 30 ბრენდით.

სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის აღნიშნული, ვისთვის არის განკუთვნილი სასაჩუქრე ვაუჩერები. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტში „პუბლიკას“ განუცხადეს, ჯერჯერობით, არ იციან, ვის გადასცემენ ამ ვაუჩერებს. მუნიციპალიტეტი შესყიდვის შემდეგ მიიღებს  გადაწყვეტილებას.