„იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი დავარეგისტრირეთ – ხვიჩია

პუბლიკა

პარტია „გირჩმა“ საქართველოს პარლამენტში „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დაარეგისტრირა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ცვლილებები ითვალისწინებს  იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას იმ პირებისთვის, ვისაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ერთხელ უკვე ჰქონდათ ასეთი უფლება, თუმცა სამსახურიდან წასვლის შემდეგ ეს უფლება დაკარგეს.

როგორც მან განმარტა, კანონპროექტის თანახმად, იარაღის ტარების უფლება უნდა მიენიჭოთ ყოფილ პოლიციელებს, ყოფილ დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, ყოფილ ჯარისკაცებს, ვეტერანებს და ასევე, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს.

„ყველას გვესმის, რა საფრთხის წინაშე არის მთელი მსოფლიო ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ. ამ წუთას საქართველოს მთავრობას, ჩვენთან რომ მოხდეს იგივე შემთხვევა, არ აქვს არც გაქცევის გეგმა, როგორ გავრბივართ, არც ბძოლოს გეგმა, როგორ ვიბრძვით.

ასეთ  დროს, ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ადამიანებს, მინიმუმ, მივცეთ თავდაცვის საშუალება, რომ თვითონ როგორც წარმოუდგენიათ თავის დაცვა, ისე მოემზადონ და ამისკენ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები. უკრაინის წარმატება თუ რამეში მდგომარეობს, მდგომარეობს იმაში, რომ მან გააჩინა რწმენა რუს ჯარისკაცებში, რომ ყველა უკრაინელი შეიარაღებულია და შეიძლება ყველა ჩემი მტერი იყოს“,  – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.