ზურაბიშვილი: მთავრობამ ოფიციალურად უარი მითხრა ევროპაში ვიზიტებზე, პირადი კონტაქტები გამოვიყენე

პუბლიკა

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტს მიმართავს.

პრეზიდენტმა გამოსვლისას განაცხადა, რომ მას 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. „არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მან ორი კვირის წინ, ხელი მოაწერა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელსაც უკრაინის საკითხი უნდა განეხილა. მოითხოვა უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება. მიმართა პარლამენტს, რათა მისი ევროპიდან დაბრუნებისთანავე, 5 მარტს, დაენიშნა პრეზიდენტის გამოსვლა.

„არცერთი მოწოდება გაზიარებული არ იქნა, არ ჩანიშნულა არც რიგგარეშე სხდომა, არც გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო. დაბოლოს, წლიური გამოსვლისათვის მოთხოვნილი თარიღიც არ იქნა დაკმაყოფილებული.

ამ დროს გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები…” – თქვა ზურაბიშვილმა.


პარლამენტის პლენარულ სხდომას ესწრებიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, ასევე მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები. პარლმენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას ესწრებიან სასულიერო პირებიც.