დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
დეპუტატების მხრიდან რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა საზღვრებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ქვეყანაში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა სტატისტიკის თაობაზე.
გომელაური ამბობს, რომ ვინაიდან პანდემიის გამო 2020 და 2021 წლებში საზღვრები დაკეტილი იყო, წლევანდელ ვიზიტორთა რაოდენობა შედარებულია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, კერძოდ, უკრაინაში ომის დაწყებიდან – 24 თებერვლიდან 16 მარტის განმავლობაში არსებულ პერიოდს.
მინისტრი ამბობს, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში შემოსულია 30 439 რუსეთის მოქალაქე და მათგან ქვეყნიდან გავიდა 17 801 ადამიანი.
ამავე დროის მონაკვეთში 2019 წელს, ქვეყანაში შემოვიდა 64 008 რუსეთის მოქალაქე და გავიდა 63 097.
„შემოსულია 30439 რუსეთის მოქალაქე და გასულია 17 801 ადამიანი. იგივე პერიოდში 2019-ში შემოსულია 64 008 და გასულია 63 097 ანუ უფრო ნაკლებია გაჩერებული მაშინ, ვიდრე დღეს. დაახლოებით 12 ათასი ადამიანი არ გასულა ქვეყნიდან, ნუ არც გავლენ ალბათ ეს ადამიანები, გუდაურში არიან, ბაკურიანში არიან, ზოგი თბილისში“.
მინისტრი ამბობს, რომ ბევრად მეტი მატებაა ბელორუსის მოქალაქეების მხრიდან. საანგარიშო პერიოდში წელს შემოსულია 15 777, 2019 წელს იყო 1 678.
მინისტრი ამბობს, რომ თითქმის 10-ჯერ მეტია შემოსული ბელარუსის მოქალაქეები, განსხვავებით რუსეთის მოქალაქეებისგან.
რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 9 200 უკრაინის მოქალაქე, წელს შემოსულია 8 688 ადამიანი.
„ყველაზე მეტი ზრდა არის ბელარუსის კუთხით. 12 ათასი რუსეთის მოქალაქე ჯერ არ გასულა ქვეყნიდან“, – განაცხადა მინისტრმა.