პარტია „ევროპული საქართველო“ ეხმაურება პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმის „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ მხრიდან აქტივისტ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარაზე. ასევე, მუქარას ოპოზიციური პარტიების მარნეულის ოფისებზე შესაძლო თავდასხმაზე.
როგორც პარტია ამბობს, მათი ახლანდელი მუქარა პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს შეიცავს და გასულია სიტყვის თავისუფლების მიერ დაცული ჩარჩოდან.
„კონსერვატიული მოძრაობის“ პუტინისტი წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას ანგარიშსწორებით ემუქრებიან. „კონსერვატიული მოძრაობა“ ასევე ემუქრება მარნეულის მოსახლეობას ეთნიკური და რელიგიური შუღლით მოტივირებული ძალადობით, პოლიტიკური პარტიების მარნეულის ოფისებზე კი თავდასხმას აანონსებს.
პუტინისტური მოძრაობის ლიდერები არც წარსულში და არც ახლა არ დასჯილან მათ მიერ ორგანიზებული დანაშაულებებისთვის, ხოლო მოძალადე რიგითი წევრების მიმართ მხოლოდ სიმბოლური ან მსუბუქი სასჯელი გამოიყენება.
მათი ახლანდელი მუქარა პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს შეიცავს და გასულია სიტყვის თავისუფლების მიერ დაცული ჩარჩოდან. ნორმალური მთავრობის პირობებში, მუქარის ავტორების მიმართ უკვე უნდა მომხდარიყო სამართლებრივი რეაგირება.
ეს უმოქმედობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ჯგუფები ქართული ოცნების კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ინსტრუმენტს წარმოადგენენ. ყველა შესაძლო უკანონო ქმედებაზე, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ მუქარას, პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება და მისი ცენტრალური და ადგილობრივი წარმომადგენლები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა.
ვიდეოში, რომელიც „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ ჩაწერეს, ისმის მუქარა. მათ მოითხოვეს, რომ ის ბანერები და სტიკერები, რომელიც ბაირამოვამ მათი ოფისის ფასადზე შეღება, მიიტანონ და ისევ გააკრან „და დააბრუნონ პირვანდელ მდგომარეობას“.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ დღეში ამოვდივართ და ნაციონალური მოძრაობის საქათმეს და იქ, ევროპული საქართველოს [ოფისს], ერთი გუნდი არიან, ისეთ დღეში ჩავაგდებთ, რასაც დაიმსახურებენ“ – ამბობენ ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარის შემცველ ვიდეომიმართვაში და მიუთითებენ მარნეულში მდებარე „ენმ-ისა“ და „ევროპული საქართველოს“ ოფისებზე.