უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, უარი თქვას NATO-ზე, მაგრამ მხოლოდ ისეთი გარანტიებით, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას.
რუსულ გამოცემა Meduza-თან ინტერვიუში პოდოლიაკი ამბობს, რომ ისინი არ დათანხმდებიან რომელიმე მოდელს ნეიტრალური ქვეყნებიდან და რუსეთთან ორმხრივ შეთანხმებას. მისი თქმით, მათი მოთხოვნაა ახალი მოდელის შექმნა და მრავალმხრივი შეთანხმება, რომლის შედეგადაც მოლაპარაკების შედეგებზე პასუხისმგებლობას 5-7 ქვეყანა გადაინაწილებს.
პოდოლიაკის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე შეთანხმებაზე ან პუნქტებზე საუბარი, რადგან არ ყოფილა აქამდე მოლაპარაკებისას ჩამოწერილი პუნქტები, თუმცა არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებზე შეჯერებასაც მხარეები ცდილობენ და პოდოლიაკი მოლაპარაკების პროცესს ახლა უფრო ოპტიმისტურად უყურებს.
„შენიშნავდით, როგორ იცვლებოდა რუსი პოლიტიკოსების რიტორიკა. თავიდან ისინი საჯაროდ ამბობდნენ: „ჩვენ იქ ორ დღეში ყველას დავაჩოქებთ, გავანადგურებთ ნაცისტებს“.
რასაკვირველია, ჩვენ ამის გამო შოკში ვიყავით, რადგან ეს არის სრულიად დამახინჯებული წარმოდგენა იმაზე, რაც სინამდვილეში უკრაინაში ხდებოდა. პირველი კვირა-ნახევარი ეს საჯარო განცხადებები ამგვარი ისტერიკით კეთდებოდა. ახლა ჩვენ გვესმის ბევრად უფრო ზომიერი, თავშეკავებული და რეალისტური განცხადებები“, – ამბობს პოდოლიაკი.
ამავდროულად პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. იმ რეგიონებშიც კი, სადაც რუსული სიმპათია მეტი იყო, ახლა ის ყველას სძულს. ამასთან პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარისთვის უპირობოა რუსული ძალების 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება. ყველა სხვა საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.
ამავდროულად კი, გარანტიები NATO-სა და ეუთოსგან აღმოჩნდა, რომ მოძველებულია, უკრაინამ კი ახლა უნდა მიიღოს უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფს მომავალში რუსეთის ხელახლა შეჭრისგან დაცვას.
„თუ უკრაინა შეძლებს ახალი ალიანსის ფორმირებას, მან ზუსტად უნდა უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ ვიქნებით მის ცენტრში, როგორც ქვეყანა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლია. ჩვენ გვსურს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ხელს მოაწერენ, ჰქონდეთ ისეთივე შეიარაღება, როგორც ბირთვული, ისე კონვენციური მიმართულებით, როგორიც რუსეთს აქვს.
ამასთან ერთად, ჩვენ ვფიქრობთ შვეიცარიული მოდელით არმიის ყოლასაც, რომელსაც აქვს საკმარისი რეზერვები და გადის მუდმივ წვრთნას. ეს იქნებოდა უკრაინისთვის ნეიტრალურობის საუკეთესო სტატუსი. თუმცა, დეტალებს ჯერ კიდევ განვიხილავთ“, – ამბობს პოდოლიაკი.
პოდოლიაკის თქმით, ალიანსში, სავარაუდოდ, უნდა ჩაერთოს აშშ და ამაზე ბაიდენთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ასევე მისით არიან დაინტერესებული სხვა პარტნიორები. პოდოლიაკი ამ კუთხით აფასებს პოლონეთის, თურქეთისა და ისრაელის ჩართულობას.
„ამ ომის ფონზე, უკრაინას უკვე კარგად ესმის, როგორ უნდა მუშაობდეს ერთობლივი თავდაცვა მსგავს სიტუაციებში. ვფიქრობ, რომ ბევრს მოეწონება ეს და ბევრი შეუერთდება ამ ახალი ტიპის ალიანსს“, – ამბობს პოდოლიაკი.