საია: „ოცნების“ კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობის საკითხსა და კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს.

ორგანიაზაცია ამბობს, რომ აღნიშნული კომისიის საქმიანობა პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით, რაც, ფაქტობრივად, მის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, „მით უფრო მაშინ, როდესაც მთლიანად საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციაც საეჭვოა“. საია ამბობს, აუცილებელი იყო, მოქმედი საგამოძიებო კომისიის ინიციატორებს სრულად და ამომწურავად დაესაბუთებინათ, არა მხოლოდ, კომისიის შექმნის მიზანი და საჭიროება, არამედ საქმიანობის მიმდინარეობის პროცესიც. მათივე თქმით, პრობლემურია კომისიის შემადგენლობაც.

„მოქმედი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა და მას გამოყოფილი ე.წ. „ოპოზიციური“ ჯგუფები, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით მოხვდნენ პარლამენტში. შესაბამისად, კომისიაში მათი არსებობა ვერ იქნება ოპოზიციის რეალურ ჩართვად აღქმული და უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებს“, – წერს საია.

საია მიიჩნევს, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. კერძოდ:

„აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით“. ანალოგიური შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლიც, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას (In dubio pro libertate)“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც უგულებელყვეს არა მხოლოდ იდენტური შინაარსის მუხლის არსებობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არამედ ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები.

„პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ორი ტესტით: მტკიცებულებითი და საჯარო ინტერესის ტესტით, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის ე.წ. სრულ ტესტს. მხოლოდ სრული ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა დაიწყოს პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზემოთ ხსენებული მუხლით მოხდა არაერთი პირისთვის ბრალის წარდგენა. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი პრობლემის სათავე, ასევე, კომისიის ლეგიტიმურობა და კანონიერი მოთხოვნის არარსებობაა. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩავთვლით, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, მაინც მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ საჯარო ინტერესზე, რა დროსაც პროკურორმა უნდა გასაზღვროს რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის კონკრეტული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა თვეებია უგულებელყოფს რეალურ საჯარო ინტერესს და არ არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას იმ პირთა მიმართ რომლებიც მონაწილეობდნენ წამების ორგანიზებულ დანაშაულებში“, – წერს საია.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლას, საიას თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან შინაარსობრივი გააზრებისგან დაცლილი, ტექნიკურად მკაცრი მიდგომა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა მოქმედებს პოლიტიკური მოტივით განპირობებული პირის დასჯის ინტერესით.

საია მიიჩნევს, რომ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი.