ზახაროვა: EU-ის თავხედური პოლიტიკის მიუხედავად საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ევროკავშირთან მიმართებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეაქო.

„ცნობილი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ვცდილობთ, რომ ამ ქვეყანასთან კავშირები პრაგმატიზმისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განვავითაროთ. წარსულში ჩვენ შორის არსებული მდიდარი, პოზიტიური და შესანიშნავი გამოცდილების გათვალისწინებით.

ევროკავშირის მხრიდან თავხედური მცდელობების მიუხედავად, რომ თბილისს თავს მოახვიოს მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსი, დააწესოს ანტირუსული სანქციები და მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესები დასავლეთის პოლიტიკურ სიგიჟეს შესწიროს, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება და გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული, 2.7 მილიარდის მაჩვენებელს, ხოლო რუსეთიდან ტურისტების რაოდენობამ 1.4 მილიონს მიაღწია.

„ჩვენი ქვეყანა საქართველოსთვის კვლავ საკვანძო საექსპორტო ბაზრად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის, ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის, წამყვან მიმწოდებლად რჩება. ვცდილობთ ყველა პირობა შევქმნათ ჩვენს ხალხებს შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისთვის, რომელთაც საერთო ღირებულებები და მრავალწლიანი ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებთ“, – განაცხადა ზახაროვამ.