ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქე ირაკლი ჩიხლაძეა

პუბლიკა

დაკავებული პირი, რომელიც სუსის თქმით „ონლაინპლატფორმის საფარით სადაზვერვო ქსელს მართავდა“, 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა, ირაკლი ჩიხლაძეა. ინფორმაცია „პუბლიკას“ სუსში დაუდასტურეს.

საჯარო წყაროებით, ირაკლი ჩიხლაძე ინტერნეტგამოცემა „ახალი კავკასიის“ თანამშრომელია. პლატფორმაზე მისი ავტორობით არაერთი მასალა იძებნება.

მისი ცოლი მაია ნებიერიძე TV პირველს ეუბნება, რომ ირაკლი ჩიხლაძე იყო. „რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც, რაღაც პროექტებშიც მონაწილეობდა“. ცოლის ინფორმაციით, ის რუსულ პროექტებში არ მონაწილეობდა.

ირაკლი ჩიხლაძის ძმა, 30 წლის ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე ფოტოგრაფ ალექსანდრე კლიმჩუკთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის შესასვლელთან ჩაცხრილეს. გიგა ჩიხლაძე ტელეკომპანია „ალანიას“ რედაქტორი იყო.

სუსმა განაცხადა, რომ რომ დაკავებული, ონლაინ პლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.

ამ ბრიფინგამდე სამი საათით ადრე სუსმა კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა, რომელზეც პრორუსი გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებ განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებული ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. უწყება არ აზუსტებს, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.