ტელე-რადიოკომპანია „ობიექტივი“ ჯაშუშობის ბრალდებით გულბაათ რცხილაძის დაკავებას ეხმაურება.
რცხილაძეს „ობიექტივზე“ გადაცემა „მსოფლიო პოლიტიკა და საქართველო“ მიჰყავდა.
ტელეკომპანია განმარტავს, რომ დაკავებული საავტორო, დამოუკიდებელი გადაცემის წამყვანი იყო და არ იყო არხის თანამშრომელი.
ამასთან, „ობიექტივის“ განცხადებაში ეჭვქვეშაა დაყენებული ის, რომ შეიძლება, რცხილაძე რომელიმე ქვეყნის ჯაშუში იყო.
„ობიექტივი” წლებია აშენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს, რომელიც უნდა აეშენებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ეს არ გააკეთა. ჟურნალისტებს, ექსპერტებს, ადვოკატებს, ახალგაზრდულ მოძრაობებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ გაუძღვნენ გადაცემებს “ობიექტივის” ეთერში, დამოუკიდებელი წამყვანების სტატუსით, ყოველგვარი ცენზურის გარეშე.
ამ პრინციპით “ობიექტივი” ხელმძღვანელობს ათწლეულებია და მაყურებელს აქვს საშუალება, – ეთერში მოისმინოს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები.
გულბაათ რცხილაძეს სწორედ დამოუკიდებელი წამყვანის სტატუსით მიჰყავდა გადაცემა “ობიექტივის” არხზე. ის არ გახლავთ “ობიექტივის” წევრი ან თანამშრომელი.
გულბაათ რცხილაძე წარმოადგენს არასამთავრობო სექტორს, ის მონაწილეობდა და თავადაც მართავდა საჯარო კონფერენციებს, ბრიფინგებსა და ღონისძიებებს, აქტიურობდა საჯარო სივრცეში, რაც, ჩვენი აზრით, ნაკლებადაა თავსებადი ჯაშუშობასთან და საიდუმლო საქმიანობასთან.
ასევე, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ გულბაათ რცხილაძეს ხელი მიუწვდებოდა რაიმე საიდუმლო ინფორმაციაზე; და თუ დავუშვებთ, რომ ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა, უნდა დავასკვნათ, რომ მასზე მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რაც ასევე დაუჯერებელია.
სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში ამოიკითხავთ, რომ (მაგალითად) რუსეთის ჯაშუში საჯაროდ უნდა ლანძღავდეს რუსეთს და აქებდეს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ყოველივეს არანაირად არ ესადაგება გულბაათ რცხილაძე, რომელიც საჯაროდ აქებდა რუსეთს და ღიად უპირისპირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას“, – აცხადებს „ობიექტივი“.
სუსი ადასტურებს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა.
გულბაათ რცხილაძე ცნობილია თავისი პრორუსული განწყობითა და საქმიანობით.