ნიკა მელია: სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს.

პუბლიკა

ნიკა მელია ციხიდან გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, დაასახელოს ის პიროვნება, ვინც ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოყვანა და ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

როგორც პარტია „ახალის“ ლიდერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ამბობს, სააკაშვილმა შუამავალი პირის მეშვეობით „ხელისუფლებასთან გარიგება დადო”, თუმცა მოგვიანებით უღალატეს. მისი თქმით, აღნიშნული შუამავალი 2022 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სააკაშვილის ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში, მათ შორის, კლინიკა ვივა მედში ყოფნის პერიოდშიც. მელია ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სწორედ ამ პიროვნებას ეთანამშრომლებოდა სხვადასხვა საკითხზე.

„ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.

რატომ იყო “ის კაცი” მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი ვივამედში ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი!

სააკაშვილი “იმ კაცს” საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მრავალი თვე აქტიურად ეკონტაქტებოდა, “ის კაცი” იყო სააკაშვილის კომუნიკატორი ხელისუფლებასთან.

სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს. აკი ვთქვი წინა წერილში, თუ შხამის ფრქვევას გააგრძელებდა, პასუხგაუცემელი აღარ დარჩებოდა.

სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, მხოლოდდამხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს” – წერს მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ნიკა მელიას თქმით, ამ მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება კონკრეტული ფაქტებით მაინც შეიტყობს და აჯობებს თავად სააკაშვილმა დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში მელიამ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში 2021 წელს ჩამოსვლის მიზეზეც. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე წერს, რომ ექსპრეზიდენტი „დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო”, „პლუს, სააკაშვილს “ის კაციც” და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა”.

როგორც ნიკა მელია წერს, სააკაშვილის ეჭვიანობა იმ პერიოდში ოპოზიციის ერთობის გაძლიერებამაც გაამძაფრა. ამას ასევე დაემატა 2021 წლის მაის-ივნისში ჩატარებული დახურული სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა ძალიან ბევრი ახალი ამომრჩეველი, რომელთათვისაც ხმის მიცემის ფაქტორი სააკაშვილი არ იყო. მისი ფაქტორი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ პარტიის ამომრჩეველთა 52%-სთვის იყო მნიშვნელოვანი”.

27 მაისს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ პიროვნებას, რომელმაც ის საქართველოში ჩამოიყვანა „უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს”, ხოლო ჩამოსვლისა და ღალატის საკითხი „არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს”. 

ამავე პოსტში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესთან ნიკა მელიას კავშირი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები არსებობდა. ამასთან, მისივე თქმით, მელიას შეცდომა სხვა საკითხში გამოიხატა.

„მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ  აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე” – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მაქამდე კი, 21 მაისს სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასა და მისთვის ღალატზე სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

„მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა… არ იყო მარტივი ჩამოსვლა, რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად [მეუბნებოდა] – ჩამოდი, ჩამოდი. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში” – თქვა სხდომაზე სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პირველად ის ჩამოსვლას თავდაპირველად 2020 წელს გეგმავდა, [იმ ადამიანმა] მისი კოორდინატები გადასცა ხელისუფლებას და რადგან წინასწარ ყველაფერი იცოდნენ, ამიტომ უკან დაბრუნება მოუწია. რაც შეეხება მეორე მცდელობას, ადგილზე ისევ ის კაცი უნდა დახვედროდა, თუმცა არავინ დახვდა, ზუსტად 2 საათში კი სააკაშვილის მონაცემები მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს გადასცა. 

ამავე სასამართლოზე მან არ დაასახელა აღნიშნული პიროვნების ვინაობა, თქვა, რომ „ამას მნიშვნელობა” არ აქვს.