სუსის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ორ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
უწყების ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ერთ-ერთი არასამთავრობოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას და გადასცემდა მათ.
სუსის მტკიცებით, დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ჰქონდა სისტემატიური კონსპირაციული კონტაქტი, ინფორმაციას აწვდიდა როგორც პირისპირ, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
სუსის ცნობით, ბრალდებულს შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს. უწყება ამბობს, რომ ის ორ ქვეყანასთან თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
„ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
დაკავებულს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული ხასიათის, სისტემატიური კონტაქტები.
ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც.
საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუსში.