ცუდი ტენდენცია ვნახეთ და გვქონდა რეაგირება, რომ მას უფრო ღრმა სახე არ შეეძინა - კობახიზე პრეზიდენტზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია ერთი მხრივ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, ელჩებთან მიმართებით, რაც მისი თქმით ცუდი ტენდენციის მაჩვენებელია და სწორედ ამიტომ უჩივლეს ზურაბიშვილს, რომ ამას უფრო „ღრმა ტენდენციის სახე არ შეეძინა“.

„ჩვენთვის მთავარია ერთადერთი, რომ კონსტიტუცია და წესები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ ამ კუთხით ძალიან ნეგატიური ტენდენცია ვნახეთ და გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევაჩეროთ. ეს უკავშირდებოდა იგივე ვიზიტებს. თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც პრეზიდენტს მინიჭებული აქვს არსებითად ცერემონიული, სიმბოლური უფლებამოსილებები.

საშინაო და საგარეო პოლიტიკას ამ სისტემაში მხოლოდ მთავრობა ახორციელებს. ეს არის მკაფიო ჩანაწერები, რომელიც გვაქვს კონსტიტუციაში. როცა პრეზიდენტს აქვს გარკვეული სურვილი, რომ ჩაერთოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, ამისთვის მას სჭირდება მთავრობის თანხმობა.

ამის მიუხედავად პრაქტიკულად აღიარა თავად პრეზიდენტმა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და შეფუთა ისე, რომ თითქოს, ეს იყო კერძო ვიზიტი იყო, რაც საერთოდ ღიმილის მომგვრელია. თუ შენ სტუმრობ პრეზიდენტებსა და თანამდებობის მაღალ პირებს, დროშის ფონზე იღებ ფოტოებს და გამოდიხარ საქართველოს სახელით, ამას უწოდო კერძო ვიზიტი, აბსოლუტურად არასერიოზულია.

რეალურად დაირღვა კონსტიტუცია და ამას ყველა კვალიფიციური იურისტი აღიარებს. კონსტიტუციის მიღმა იმოქმედა პრეზიდენტმა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რაც მოხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ასევე კობახიძის თქმით, ნეგატიური ტენდენცია გამოჩნდა ელჩებთან მიმართებითაც, რადგან პრეზიდენტი სიმბოლურად უნდა აფორმებდეს მთავრობის დანიშნულ ელჩებს, სალომე ზურაბიშვილი კი ამაზე უარს ამბობს.

„იგივე ეხებოდა უკრაინის ელჩის მოვალეობის დარბაზში შემოყვანას. პარლამენტში არის კონკრეტული პროტოკოლი და მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ესწრებოდეს პარლამენტის სხდომას. ეს კონსტიტუციური გარანტიაა, რაც აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს.

აქაც დაირღვა კონსტიტუცია და უხერხულობა შეიქმნა პირველ რიგში იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შემოიყვანა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ეს უხერხულობა მას არ შექმნოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში არ აყენებს პარლამენტის თავმჯდომარეს, არღვევს კონსტიტუციას და მისი გვერდის ავლით შემოჰყავს კონკრეტული პირი სხდომათა დარბაზში, ცუდი ტენდენციის მაჩვენებელია.

ჩვენ დროზე გვჭირდებოდა რეაგირება ამაზე, რომ უფრო ღრმა ტენდენციის სახე არ შეეძინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.