„მინდა, შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ფასების ზრდა და ინფლაცია ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევა, ისევე როგორც, მთელ მსოფლიოში და საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი.
„მე მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცეოდნენ და კეტავდნენ ქუჩებს საკუთარი მანქანებით, ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონსა და წესებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„პროტესტი საწვავის ფასებს!“,- გუშინ, 27 მარტს მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს.
აქციის ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა – საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
საწვავის გაზრდილი ფასი მოქალაქეებმა ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთშიც აქციებით გააპროტესტეს.