14 თებერვალს მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადგილზე ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებულის მშობლებს, თვითმხილველსა და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს.
„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა, სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვების ეშინიათ.