ვპირდები ნებისმიერ NGO-ს, რომელიც გადაწყვეტს, ენმ-ს ასე დაუჭიროს მხარი, ქმედებები უფრო კოორდინირებული იქნება - მდინარაძე TI-ს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ახალ ტენდენციად სასამართლოში სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადებების გამო შეტანილი სარჩელების მაღალი რაოდენობა გამოიკვეთა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, საკითხი „უცნაურია“, რადგან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ გუნდს, აღარ მიმართოს სასამართლოს სარჩელებით.

„ბუნებრივია, უპრეცედენტო და წარმოუდგენელი მოვლენაა. მათი ლოგიკით, ვისაც რა მოუნდება, შეუძლია, დააბრალოს მმართველ გუნდს, მის წარმომადგენელს და მმართველი გუნდის წარმომადგენელმა სარჩელიც კი არ უნდა შეიტანოს თავისი უფლებების დასაცავად და ეს არასამთავრობო ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული ანუ სასამართლოში შედის სარჩელები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელს ვიღაცამ ტყუილი დააბრალა.

მე ვპირდები, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც იქნება, რომელიც გადაწყვეტს, რომ ნაცმოძრაობას ამგვარად დაუჭიროს მხარი, თუ თავად პოლიტიკოსი ნაცმოძრაობიდან,  ეს ქმედებები და მსგავსი საკითხები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ნებისმიერ დაბრალებაზე სამწუხაროდ ვერ მოვიცლით რეაგირებისთვის, მაგრამ სარჩელები კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებზე, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ“, – აცხადებს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის თქმით, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ე.წ. არასამთავრობოები იცლიან, რომ მმართველ გუნდს უთხრან, რაც უნდა ხდებოდეს, თქვენი უფლებების დასაცავად არ შეიტანოთ სასამართლოში სარჩელიო“.

„წარმოგედგინათ როდესმე, რომ უფლებადამცველი ორგანიზაცია, NGO სექტორის რომელიმე წარმომადგენელი გაბედავდა და იტყოდა ვინმეზე, არ ვნახო, სარჩელი შეიტანოთ სასამართლოშიო? ალბათ, ვერ წარმოგედგინათ, მაგრამ ესეც ხდება, ოღონდ ნაცმოძრაობის ნარატივი გააძლიერონ“, – ამბობს მდინარაძე.


„გამჭვირვალობა“ განცხადებაში წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან.

„დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად“, – წერს TI.