„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნები“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორის, გაგა ჩხეიძის ინტერესებს დაიცავენ.
„კულტურის სამინისტროს გაცხადებული საკადრო პოლიტიკა არის დარგის სრული კონტროლი, თანამშრომელთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევა, ცენზურის დანერგვა და, განსხვავებული აზრის გამო, პროფესიონალი კადრების დევნა. ხელმომწერი ორგანიზაციები მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ:
- შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის – პროკურატურის, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარა გათავისუფლებულ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მიზნით, რათა მათ მიეცეთ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა;
- შეწყვიტოს კულტურის სფეროს პროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული თუ განსხვავებული მოსაზრებების გამო. შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეთ საშუალება, გააგრძელონ თავისუფალ გარემოში მუშაობა როგორც ეროვნული კინემატოგრაფიის მხარდასაჭერად, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები სამინისტროში თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაწყებული რეორგანიზაციების შედეგად კულტურის სხვადასხვა სფეროდან გათავიუსფლებულ 22 ადამიანს იცავენ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით: „კულტურის სფეროში განხორციელებული რეორგანიზაციისა და მასშტაბური ცვლილებების შედეგად, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო, 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული.“