„კინოცენტრის საქმიანობაში სამინისტრომ უხეში ჩარევა დაიწყო“ | ინტერვიუ გაგა ჩხეიძესთან

ქეთი გოგუაძე

დღეს, 14 დეკემბერს საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და შიდა აუდიტის დასკვნა პროკურატურაში გააგზავნა.

განცხადების გავრცელებიდან მალევე „პუბლიკა“ გაგა ჩხეიძეს დაუკავშირდა და მისი პირველი შეფასება მოისმინა. როგორც ჩხეიძემ გვითხრა, გათავისუფლება მისთვის სიურპრიზი იყო და ჯერ არც სამინისტროს განცხადებას და არც აუდიტის დასკვნას არ იცნობს.

კინოცენტრის უკვე ყოფილმა დირექტორმა მოგვიანებით „პუბლიკას“ უფრო ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუში ჩხეიძე გვიყვება, რომ მისი და თეა წულუკიანის მსოფლმხედველობა იმდენად განსხვავებულია, რომ გათავისუფლებას დიდი ხანია, მოელოდა. მისი ვერსიით, აუდიტის დასკვნის დასრულება კინოცენტრის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა დააჩქარა.

ჩხეიძის თქმით, ბოლო დროს კინოცენტრის საქმიანობაში სამინისტრომ უხეში ჩარევა დაიწყო, იყო მცდელობა მითითების და აზრის თავს მოხვევის.

გაგა ჩხეიძე გვიყვება, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრთან კედელი აღმართა და მათთან არ თანამშრომლობდა.

ამავე ინტერვიუში ჩხეიძე მის ადგილას კულტურის მინისტრის მოადგილის დანიშვნასაც აფასებს და აცხადებს, რომ არაფრის ეშინია და დარწმუნებულია თავის სიმართლეში.

მოელოდით თუ არა, სამინისტროს მიერ თქვენს გათავისუფლებას და თქვენი ვერსიით, რა გახდა ამის მიზეზი?

ველოდი ამას კარგა ხანია უკვე და გამიკვირდა, რომ ასე გვიან მოხდა, იმიტომ, რომ ჩემი მსოფლმხედველობა და მუშაობის სტილი ნამდვილად არ ემთხვევა ქალბატონი თეასას და პრინციპში, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს ადრე მომხდარიყო. თუმცა კინოცენტრს თავისი ავტონომია აქვს და ინარჩუნებდა, ამიტომ ვაგრძელებდი ჩემს საქმიანობას, მაგრამ ბოლო დროს უხეშად დაიწყეს ჩარევა. როგორც ჩანს, დასკვნა მივიდა ბოლომდე [აუდიტის დასკვნა დასრულდა], აქამდე დასკვნა არ გვინახავს, სამუშაო ვერსია ვნახეთ. საბოლოო, ხელმოწერილი დასკვნა ჩვენამდე არ მოსულა, ამიტომ ძნელი სათქმელია, იქ რაზეა საუბარი. ძირითადად, როგორც ვიცით, იქ რაზეა საუბარი – ეს არის შენიშვნები გადაცდომებზე, ხარვეზებზე, ბიუროკრატიულ რაღაცებზე.

როდის დაიწყო აუდიტმა კინოცენტრში მუშაობა?

აუდიტი შემოვიდა შარშან 22 აპრილს. შარშან სექტემბერში პირველადი დასკვნა გვქონდა, მერე გავუგზავნეთ ჩვენი შენიშვნები და პასუხები, მაგრამ ახლა დასკვნის დასრულება რაღაცა ტრიგერი იყო, რაღაცამ იმოქმედა მასზე, დააჩქარეს დასკვნის დადება.

თქვენი აზრით, რამ იმოქმედა დასკვნის დადებაზე?

ალბათ, [იმოქმედა] ჩემმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, რომელიც კინოცენტრის სახელით გავაკეთე.

მათ შორის განცხადებამ, რომ კინოცენტრი რუსეთიდან ფილმების დაბრუნების პროგრამას შეაჩერებს?

ნუ, მე ვთვლი, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი.

თქვენ ახსენეთ, რომ თქვენს საქმიანობაში უხეშად ჩარევა დაიწყეს. შეგიძლიათ, კონკრეტულად გვითხრათ, რაზე საუბრობთ?

რაღაც მცდელობა იყო რამდენჯერმე თავს მოხვევის, მითითებების. რამდენადაც შეგვეძლო, ავიცილეთ თავიდან ეს ამბავი და ჩვენ ჩვენი დებულებით და კანონის საფუძველზე ვმოქმედებთ, სამინისტროს უფლება არ აქვს, ჩაერიოს კინოცენტრის საქმიანობაში. ის ამოწმებს და აკონტროლებს მის საქმიანობას, მაგრამ პირდაპირი ჩარევა მოვახერხეთ და ავიცილეთ, მაგრამ იქამდე მიდის საქმე, რომ რაღაც პოზიციები არის განსხვავებული.

რას გულისხმობთ მითითებებში? მიგითითებდნენ, რომ კონკრეტული პროექტი/კონკრეტული ავტორი დაგეფინანსებინათ?

ვგულისხმობ, დააფინანსეთ იმის პროექტი, ამის პროექტი, მიეცით 100%… ეს შარშან იყო და ჩავთვალეთ, რომ მინისტრი ახალი იყო და ჯერ გარკვეული არ იყო, თუ როგორ მუშაობდა კინოცენტრი და ამაზე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით, იმიტომ, რომ ჩვენი საკონკურსო დებულება არ იძლევა ასე პირდაპირ დაფინანსების საშუალებას და კანონშიც არ წერია, რომ შეგვიძლია კონკურსის გარეშე ვიღაცის დაფინანსება. ნუ იყო ასეთი მცდელობები, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენს კანონზე დაყრდნობით ვმუშაობდით.

შეხვდით თუ არა მინისტრ წულუკიანს და რა თემებზე გქონდათ საუბარი მასთან?

უშუალოდ კინოცენტრის საკითხზე ერთხელ შევხვდი მინისტრს. საერთოდ კინოცენტრი იყო იგნორირებული ყველანაირად, ჩვენს არც ერთ ოფიციალურ წერილზე ფაქტობრივად პასუხი არ მიგვიღია, სრული კედელი იყო მათი მხრიდან აღმართული, არც მხარდაჭერა გვიგრძვნია, არც თანამშრომლობის სურვილი, არც ურთიერთობა იყო ისეთ დონეზე, როგორც საჭიროა სსიპ-სა და მის ზემდგომ სამინისტროს შორის.

ჩვენ სპეციფიკური სსიპ ვართ კანონის საფუძველზე შექმნილი, მისი გაუქმება ან მიერთება სხვა ორგანიზაციასთან შეუძლებელია, თუ კანონი არ შეიცვალა ან არ გაუქმდა, ამიტომ ცოტა გასაკვირი იყო ეს ყველაფერი, რაც ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, რომ არანაირ თანამშრომლობაზე არ მოდიოდა სამინისტრო და ვერც ერთ საჭირბოროტო თუ გასარკვევ საკითხზე ვერ მივიღეთ სამინისტროსგან ადეკვატური რეაქცია.

როგორ შეაფასებთ სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ თქვენ ნაცვლად კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის პირველი მოადგილე დაინიშნა?

ძალიან ცუდია ეს ფაქტი თავისთავად, იმიტომ რომ კინოცენტრის დირექტორის ჰყავს პირველი მოადგილე, ჰყავს ასევე მოადგილე და რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნებოდა, რომ მოვალეობის შემსრულებელი ყოფილიყო რომელიმე მათგანი. საერთოდ, სამინისტროს ჩარევა და უშუალოდ მათი ხელმძღვანელი პირების აქ მოსვლა მე არ მიმაჩნია გამართლებულად.

აუდიტის დასკვნა პროკურატურაშია გადაგზავნილი. რა მოლოდინი გაქვთ და რა იქნება თქვენი სამომავლო ნაბიჯი?

მე მგონი, ძალიან გაზვიადებულია, რატომაა გადაგზავნილი? რა საფუძველია?- ესეც არ ვიცი, ძალიან ძნელი სათქმელია. პროკურატურაში იგზავნება, როცა სისხლის სამართლის დანაშაულია. გავეცნობი საქმეს, ადვოკატი მეყოლება და გაირკვევა სიმართლე. მე არაფრის მეშინია, ჩემი სიმართლე მაქვს, მითუმეტეს. წელგამართული შემიძლია შევხვდე ამ პროცესს და ყველაფერს, პროკურატურასაც და ვინც უნდა იყოს.