„რაც შეეხება ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან, ეს არის სერიოზული თავისი ბუნებით და სერიოზულად უნდა მივუდგეთ კიდეც“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. კომენტარის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ჰარცელი გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, თითქოს რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა
„ამასთანავე, მოვისმინეთ ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით.
რაც შემეხება პირადად მე, ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია ან სადაზვერვო მასალა არ გამაჩნია, რომელიც დაადასტურებდა უკრაინული მხარის ბრალდებებს. მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ეს ვითარება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.
როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.