„ახალი კვირის“ ჟურნალისტი ცენზურის მცდელობას ადასტურებს და საზმაუს ტოვებს

პუბლიკა

გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ „პირველი არხი“ დატოვა. გამოცემა „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში ჟურნალისტი ადასტურებს, რომ წამოსვლის მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა და თანამშრომლების უსამართლოდ გათავისუფლება გახდა.

„ბოლო დღეებია, ჩემთვის ტოქსიკური გარემოა, რადგან ორი თანამშრომლისგან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მსხვერპლი გავხდი. სამსახურში ბულინგის ასეთი პრეცედენტი ჩემთვის პირველი შემთხვევაა“, – „მედიაჩეკერის“ ცნობით, ჟურნალისტმა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ ამ შინაარსის განცხადება დაწერა.

თუთბერიძე ინტერვიუში იხსენებს, რომ ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდში, სანამ „მოამბეში“ მუშაობდა, მის პროფესიულ საქმიანობაში არავინ ჩარეულა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2019 წელს ანალიტიკური გადაცემის, „ახალი კვირის“ გუნდს შეუერთდა, „ნელ-ნელა დაიწყო ზეწოლა, თითქოს, ხიბლში შედიოდა ეს კონტროლი“.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მკაცრად აკონტროლებდნენ რესპონდენტების სიას. არკვევდნენ, ამა თუ იმ რესპონდენტს რამე ცუდი ხომ არ ჰქონდა „პირველ არხზე“ ნათქვამი. მისივე თქმით, აქტიურად აკონტროლებდნენ ჟურნალისტების აქტივობებს სოციალურ ქსელში.

ქეთი თუთბერიძე 9 მაისის შესახებ მომზადებული სიუაჟეტის დაბლოკვის ისტორიასაც ჰყვება. მისი თქმით, სიუჟეტი საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ეხებოდა.

„ჩემი სიუჟეტებისა და საჯარო კომენტარების კონტროლი ერთხელაც გადავიდა წნეხის ფაზაში. პირველი სერიოზული კონფლიქტი 2020 წლის 9 მაისს მოხდა. თათბირზე დავგეგმეთ სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ცენტრალურ ევროპასა და ბერლინში. ყველამ ვიცით, რომ რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს მესამე რაიხი მხოლოდ საბჭოთა კავშირმა დაამარცხა და ევროპას თავისუფლება მოუტანა.

ჩემი სიუჟეტის აქცენტი კი იყო იმაზე, რომ ცენტრალურ ევროპაში ერთი ბოროტება, მესამე რაიხი, შეცვალა მეორე ბოროტებამ – საბჭოთა კავშირმა. ეს თემა თათბირზე მისაღები იყო პროდიუსერებისთვის, მათ შორის ეკა შონიასთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდეც და მერეც არაერთი სიუჟეტი გვქონია საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე უნგრეთში, პრაღასა და ლიეტუვაში, თავისთავად 9 აპრილზე და ასევე საბჭოთა რეპრესიებზე. ყოველი თებერვლის ბოლო კვირას ჩვენი გადაცემა, ასევე მოამბე და არხის სხვა გადაცემები საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეთმობოდა. შესაბამისად, ვერაფრით დავუშვი, რომ ეს თემა პრობლემად იქცეოდა ვინმესთვის.
გადაცემა კვირას, 10 მაისს გადიოდა და სიუჟეტიც ამ დღეს უნდა გასულიყო ეთერში. 9 მაისს ფეისბუქზე დავწერე სტატუსი იმავე შინაარსით, რა პათოსითაც ვაკეთებდი სიუჟეტს. დამირეკა ეკა შონიამ, ძალიან აღელვებული მომეჩვენა. მითხრა, ვასიკომ [მაღლაფერიძემ] დამირეკა და გაგიჟდა შენი სტატუსის გამოო“, – ამბობს თუთბერიძე.

მისივე თქმით, დაბლოკვის არგუმენტი იყო ის, რომ ეს სიუჟეტი ვეტერანების წვლილს დააკნინებდა. თუთბერიძე აღნიშნავს, რომ ამ ამბის შესახებ არასამთავრობო სექტორში არაერთ ადამიანს აცნობა ამის შესახებ თუმცა ფაქტი არ გაუსაჯაროვებია.

„ამის შემდეგ, ვასილ მაღლაფერიძემ ჩაატარა თათბირი და ეს იყო პირველი შემთხვევა უშუალოდ ჩემთან დაკავშირებით, როცა დირექტორი გადაცემაში პირადად ჩაერია: ის ამტკიცებდა, რომ ამ თემით საზოგადოებრივ მაუწყებელს პრობლემა შეექმნებოდა. მიხსნიდა, რომ მსგავსი ნარატივი ყოვლად მიუღებელია – შეფარულად ნაცისტური და 9 მაისს ეს სიუჟეტი ეთერში არ უნდა გასულიყო. ასევე, დიდაქტიკური ლექცია წაგვიკითხა იმაზე, თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ ფეისბუქ პოსტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა. ფაქტობრივად, ითხოვდა, რომ სტატუსიც წამეშალა. ეს პოსტი არ წამიშლია და ჩემ გვერდზე დღემდე იძებნება“, – ამბობს ქეთი თუთბერიძე.


17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ არხზე შესაძლო ცენზურისა და „შავი სიების“ შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.

ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.

კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემის გუნდის წევრთა ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც გამოეხმაურა და მოკვლევის გარეშე ჟურნალისტთა განცხადებებს „რეპუტაციის შემლახავი“, „ცილისმწამებლური“, „უსაფუძვლო“, „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.

თითქმის ერთი თვის თავზე, 25 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტებმა იმ პირთა სია გამოაქვეყნეს, რომელთა ჩაწერაც გადაცემის მენეჯმენტისთვის სასურველი არ იყო; დასახელდა შესაძლო ცენზურის კონკრეტული შემთხვევებიც.

ამ ბრიფინგის შემდეგ მაუწყებლის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში შესაძლო ცენზურის არსებობაზე ბრალდებების თემა კვლავ აქტუალური გახდა. არხის დირექტორმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ საქმის მოკვლევა დაწყებული იყო, თუმცა მოკვლევის დაწყების ან დასრულების თარიღი არ დაუკონკრეტებია.

29 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია, ასევე ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

სოფო ზედელაშვილის თქმით, ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად „ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გავრცელებაა“ დასახელებული.