საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღრაიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორმუზე „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შესახებაც დაუსვეს შეკითხვა.
ფორუმში მონაწილე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დარბაზიდან მას ჰკითხა – „გასული წლის ივლისში თბილისის ცენტრში ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს, თბილისი პრაიდის დროს ულტრამემარჯვენეების თავდასხმისას. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა და წელსაც იგივეს გაიმეორებს? “.
ამ კითხვაზე საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშილმა ჯერ განაცხადა, რომ 2014 წელს ქვეყანამ ანტიდისკრიმინაციული კაბობის მიიღო, რათა ქვეყანაში აღმოფხვრილიყო ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
„მართალი რომ გითხრათ, ეს პრობლემას არც წარმოადგენს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არსებობს პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ კითხვაში გაჟღერებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს. ბატონმა ბრძანა, რომ ოპერატორი მოკლეს ამ კონფრონტაციისას.
არ მინდა დეტალებით გადაგღალოთ, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ პოლიციამ 30-ზე მეტი პირი დააკავა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმის გამო. მათი გასამართლებაც მოხდა. ისინი ახლა ციხეში არიან. სახელმწიფოს ვალდებულებაც ეს არის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქე, მათი ორიენტაციის მიუხედავად ან სხვა რაიმე ნიშნით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.
თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.
ექსპერტიზის ბიურო მისი გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას მიიჩნევს.
ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს 6 ადამიანი. 2022 წლის 4 აპრილს ექვსივე პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.