რა წერია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში

პუბლიკა

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნა „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 30 დეკემბერს მიიღეს დასკვნა, რომელიც დაერთო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.

ექსპერტიზის დასკვნას ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად ხელს აწერს ასევე ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც. როგორც ცნობილია, მისი ჩართვა პროცესში ლექსო ლაშქარავს ოჯახმა მოითხოვა.

დოკუმენტის მიხედვით, ექსპერტიზაზე მუშაობა ბიურომ დაიწყო 2021 წლის 11 ივლისს და დაასრულა 5 თვის შემდეგ, 30 დეკემბერს.

„გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოკსიქოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული  გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

…ალექსანდრე ლაშქარავას აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის. მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედაყბის ძვალი), მრავალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით, სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით – თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზია, თვალის კაკლის კომოციო.

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი – ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”, – წერია დასკვნაში.

„TV პირველის“ ოპერატორი 2021 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.

 

LB loan image desktop LB loan image mobile