თურმე მას, ვინც სამების აშენებაში მონაწილეობდა, როგორც რუს ოლიგარქს, სანქციები უნდა დავუწესოთ - ქადაგიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარალელი გაავლო ერეკლე მეორის მოღალატედ მოხსენიებასა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას შორის.

„თურმე ის მეფე მოღალატეა, თურმე ის ეკლესია ხელისშემშლელია, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი, ევროცივილიზაცია, ეს არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, მათ შორის, ეს იყო ერეკლე მეორის არჩევანიც, „მისი ცივილიზაციური არჩევანი იყო სწორედ ის, რაც დღეს საქართველოში რეალიზების გზაზეა“.

„მაგრამ, როგორც ახლა გვეუბნებიან, თურმე ის მეფე მოღალატეა, თურმე ის ეკლესია ხელისშემშლელია, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები. თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნეს საქართველოში, ვინც რუსულ აგრესიას პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება, რათა ტროცკისტული მიდგომით ახალი ქართველი გამოეყვანათ, თურმე დღეს ესენი არიან ევროპელები და ის, ვინც ტაძარს აშენებს… შედარებითია ხომ ყველაფერი?!“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია ამზადებს პროექტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოიცავს. რეზოლუცია ევროპარლამენტში 9 ივნისს უნდა განიხილონ.