გიორგი კირვალიძე მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმის ბრალდებული გიორგი კირვალიძე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, გურჯანიის იზოლატორის დატოვებისას მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.

კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის შეუფარდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა გიორგი კირვალიძის პროტესტი – მან მოსამართლეს „ბიძინას მონა“ უწოდა და აგინა.

დაკავების ამსახველ ვიდეოში ისმის, რომ გიორგი კირვალიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც მოსამართლის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გიორგი კირვალიძემ ბიძინა ივანიშვილს 24 ივნისს შეაგინა, მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება], ბიძინას დედასაც შ*****ი“ – თქვა მან და სასამართლო დარბაზი დატოვა.

სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ შეთანხმების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმე საქალაქო სასამართლოში დააბრუნა. სასამართლოს კირვალიძისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

გიორგი კირვალიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაუქმება კირვალიძის რეპლიკის შინაარსის გამო მოითხოვა და არა იმის გამო, რომ მან თითქოს შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

მისი 9-თვიანი პატიმრობის ვადა ამოიწურა და მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ დატოვა.