საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ძმები ლევან და დავით ბერძენიშვილები ებრძვიან ქართულ იდენტობას, კობახიძის თქმით, მათ გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ.
ხათუნა სამნიძემ კობახიძეს მოუწოდა, რომ ისაუბროს ქვეყნის რეალურ პრობლემებზე და თავი შეიკავოს ძალადობის წახალისებისგან.
„ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, ხალხის წასვლა ამ ქვეყნიდან, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ყველა მეორე თვეა არის ამ ქვეყანაში – ეს ის საკითხებია, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს და გამოსავალს უნდა სთავაზობდეს საზოგადოებას. ამის ნაცვლად მისგან გვესმის ძალადობის წახალისება და ამასთან ერთად ერთგვარი მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება არც დასჯილი და პირიქით, თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში, ერეკლე მეფის კრიტიკა და ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა.
შევახსენებ ყველას, ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტების პერიოდიდან მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთმა შეძლო იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ. მაგრამ თქვენი მიზანია, რომ ამ რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოთ. ALDE-მ მიიღო რეზოლუცია და მხარი დაუჭირა ამ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ამაზე საუბრობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, „ოცნება არ აკეთებს არაფერს და იმის ნაცვლად, რომ ამაზე მოგვესმინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება, ისევ მოვისმინეთ ძალადობის წახალისება. ისევ მოვისმინეთ, თურმე იდენტობას ებრძვის ვიღაც.
იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობთ და ცდილობთ, საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ერთმანეთს არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო, ძალადობა რომ არის მთავარი დნმ თქვენს პარტიაში, ამის გამო. მაგრამ ამის საშუალებას არ მოგცემთ ეს საზოგადოება. გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, საღამოს გარეთ მარტო ნუ გახვალო. ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ არცერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეებს წაახალისებთ და მოუწოდებთ ძალადობისკენ. არავის შეგვეშინდება მარტო სიარული ამ ქვეყანაში. ამას მემუქრებოდნენ გუშინ სწორედ ისინი, ვინც თქვენ წაახალისეთ, რომ ვერ გაივლით ამ ქვეყანასა და ამ ქალაქში მარტოო.
ფრთხილად, ბატონო ირაკლი! — ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ ყველა ხელისუფლების დროს და არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც ასეთი სიღრმე აქვს პოლარიზაციას, არ შეიძლება მოუწოდოთ ადამიანს, თავს დაესხას სხვა ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამო. ილაპარაკეთ ქვეყნის რეალურ პრობლემებზე და იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ თქვენი არაფრის კეთებით, ძალადობისკენ მოწოდებით, თავდასხმებით ევროპელ პარტნიორებზე და წახალისებით იმ მოძალადეების, რომლებიც თავს ესხმიან თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს“, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიის ნაწილია, კობახიძის თქმით, ძმები ბერძენიშვილების განცხადებები.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, გამოძიება კი ძალადობის მუხლით გრძელდება. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი აცხადებენ, რომ გუშინ, 6 ივნისს რუსთაველის გამზირზე მათ 2 ადამიანი დაესხა თავს. მათი თქმით, თავდასხმის მოტივი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია იყო.
დავით ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ მეორე პირს, რომელიც ჯერ დაკავებული არ არის, „ხელს აფარებენ“.