ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, იჭიჭყინე იქ და იყავი - ზარქუა სამადაშვილს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარტია „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილს „ხელმოცარული დიპლომატი უწოდა“. ზარქუას სიტყვას წინ უძღოდა სალომე სამადაშვილის გამოსვლა, რომლის დროსაც „ლელოს“ წევრმა აღნიშნა, რომ ტყუილები „ქართული ოცნების“ ხელწერაა და გამონაკლისი არც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია.

სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, როდის გაიმართება „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი, ასევე რატომ დაიბლოკა პრეზიდენტ ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ ინიციატივა. დეპუტატმა პაპუაშვილს ასევე ჰკითხა, როგორ აფასებს ირაკლი კობახიძის გუშინდელ გამოსვლას და წაახალისა თუ არა ძალადობა.

„ხშირად მიწევს ხოლმე ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. მე ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი – ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა – რომელსაც 2008 წელს, როდესაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი 20% შეიწირა, სადაც შეიწირა ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი მოახერხე, რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან და იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს, მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში.  რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონო სალომე, თქვენ რაღაც ხომ არ აგერიათ? ამოვიდა ყელში ეს თქვენი ქედმაღლური ისინი, კეთილი ინებე და იყავით ადეკვატური. არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი და ეს იცოდე“, – განაცხადა ზარქუამ და დასძინა – „დღეს უკრაინას ლობირებთ, დადიხართ და საქართველოში რომ შემოიჭრა, ერთი ხმა არ ამოგიღიათ რომელიმეზე. აი, ასე ორ ხმაში იჭიჭყინე იქ და იყავი“.

პასუხად სალომე სამადაშვილმა ირაკლი ზარქუას „გამორჩეული კლოუნი“ უწოდა.