ივანიშვილი მშვიდად უდგება ამ საქმეს და შეეგუა ზეწოლას - ადვოკატი

პუბლიკა

საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ემხრობა. ჩანაწერი რეზოლუციის პროექტს გუშინ დაემატა და ის ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

ამ ჩანაწერისა და რეზოლუციის შესახებ „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა.

ადვოკატის თქმით, ამ პროცესების ფესვი და ახსნა გაცილებით უფრო ღრმაა და ის უკავშირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

„ჯერ თვითონ ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალურად სიმშვიდის შენარჩუნება – ეს სიმშვიდე ჩვენზე, გუნდის წევრებზეც გადმოდის. გარდა ამისა, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი ან ინიციატორია, მან შეცდომა დაუშვა ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში.

ჩემი წარმოდგენით, ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს და შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, კანონის ენით, სამართლიანობის მოშველიებით დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოში გავალთ“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


„ევროპარლამენტი ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის გამოაშკარავებული პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.