გაუგებარია, რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათთვის გაუგებარია რას ედავებიან ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ისაუბრა, რომელშიც შესწორების სახით დღეს შევიდა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვა.

„როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ, ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და „ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა”.

„რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“,თქვა ირაკლი კობახიძემ.