ავტორი: ნინუკა ქოიავა
(ზაფრა და სიძულვილი ბავშვობაში)
ამ რამდენიმე კვირის წინ თბილისის ერთ-ერთ სახელმწიფო სკოლაში დაფიქსირდა ფაქტი – ფეისბუქის მესენჯერ ჩათში, სადაც რიგითი მეშვიდეკლასელები ერთმანეთთან არაოფიციალურ ურთიერთობებს აშენებენ და ხანაც ანგრევენ კიდეც, ერთ-ერთმა მოსწავლემ ფონად დააყენა LGBT დროშა, მისალოცი ტექსტით – „happy pride month“.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა უმეტესობაში ამ ფაქტს აგრესია არ გამოუწვევია, ბავშვების რეაქცია მაინც არაერთგვაროვანი იყო. ცამეტი წლის გივი წერს:
– „რა გჭირთ ტო.. საქართველო საქართველოს აღარ ჰგავს“;
ცამეტი წლის დათო:
– „პრაიდის გამომგონებლის დედა მოვტყან“;
ისევ, 13 წლის გივი:
– „პრაიდს შევეცი არაერთხელ“.
მესენჯერფონი და დროშა რამდენჯერმე გადაკეთდა ცისარტყელადან უდაბნომდე, ისევ ცისარტყელამდე, შემდეგ ცამდე, ოკეანემდე, დოქტორ სთრეინჯამდე, კვლავაც ცისარტყელამდე და საბოლოოდ სკოლისთვის დამახასიათებელ ლურჯ-თეთრ სიმკაცრეს დაუბრუნდა.
კლასში და, შესაბამისად, ჯგუფშიც ცამეტი წლის გოგოებს თანაკლასელ ბიჭებზე მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა აქვთ. გოგოები წარმატებით იცავენ ვირტუალურ დროშას, რომლის იდეურ არსსა და პოლიტიკურ მნიშვნელობას ცხადია, ვერც ერთი მათგანი სიღრმისეულად ვერ აცნობიერებს. თავიანთ წარმოდგენაში ისინი იცავენ პროგრესს, თავისუფლებას და გმობენ შაბლონად ქცეულ მასწავლებლებს, მეზობლებს, ნათესავებს ან ტელეწამყვანებს – ყველას, ვინც დიდი და გულისამრევად ერთნაირია.
ისინი ცამეტი წლისანი არიან და ამ ციფრის არ სჯერათ. ისინი ცდილობენ, რეალობად აქციონ „love is love“ და მიაყარონ მიწა „ქართველობას, რომელსაც გვართმევენ“.
დავუბრუნდეთ ამბავს – 13 წლის მოზარდმა გივიმ ძალის დემონსტრაციისა და უმცირესობაში ყოფნის სისუსტის გადასაფარად დახმარება „დიდ ბიჭს“ სთხოვა და ჯგუფს უცხოსკოლელი უფროსკლასელი – ვანო წარუდგინა:
– „ჩემი ხო არ გესმით?! ახლა ეს აგიხსნით! ეს ვინაა?! ვინაა და ჩემი უფროსი ბრატია!“
არაოფიციალურად საგამოცდო ატმოსფეროში უკითხავად აღმოჩენილი 15 წლის ვანო მყისიერად ერკვევა სიტუაციაში.
– „ეს რა ყლე ჯგუფია ბლიად?!„ „ფუ რა ყლეები არიან გეები!“ „დღეს ერთი მაგრა ვცემე!“
თხუთმეტი წლის ვანოს ბევრი არ აცადა 13 წლის ელენემ და პასუხად ჯგუფიდან გააძევა საფინალო ფრაზით – „იდი ნახუი“, მაგრამ ეს ფრაზა საფინალო არ აღმოჩნდა. პირად შეტყობინებებში ელენეს, რომელმაც ვირტუალურ რეალობაში ეს ბიჭი პირდაპირ ქეჩოთი მოისროლა პირადი სივრციდან, მისდის შეტყობინებები:
– „ტელეფონი აიღე შენი ქვეშაჯვია პირში შევეცი“; „განდონა ბავშვო, ყლე არ აგცდება“; „დაგაჯვი თავზე შენი დებილი დედას შევეცი“ და უამრავი ზარი.
უპასუხო ზარს უპასუხეს… უმცროს ძმას – 11 წლის სანდროს მეტროსადგურთან იბარებენ, „რკინით“ პასუხის გასაცემად. როდესაც ელენეს და სანდროს დედა შვილების ქცევაში განგაშის სიგნალებს ამჩნევს, იწყებს ვითარების გარკვევას და დაუყოვნებლივ ატყობინებს კლასის ხელმძღვანელს. ჯაჭვური რეაქციით ამბავი მისწვდა სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურის სამსახურის, უცხოსკოლელი ბავშვის სკოლის დირექციას და საბოლოოდ – პოლიციას. ვირტუალური „ორდროშობანა“ დაემსგავსა სახალხო სასამართლოს. რეალური ბრალმდებლით, ბრალდებულით, მოწმეებით, მოსამართლით და, რაც მთავარია, მშობლებით.
დაკითხვის ოთახად გადაკეთებულ საკლასო ოთახში არათუ დარცხვენით, არამედ შემართებით იდგა გივის დედა, უფროსკლასელი ვანოს არაფხიზელი მამა და დაზარალებული ელენეს და სანდროს მეურვე.
სკოლის ეზოში გროვდებიან თანაკლასელების მშობლები და მშობლების მეგობარი მშობლები; მათ შორის ისეთებიც, ვისი შვილებიც ამ ვირტუალურ დროშებს იცავდნენ, თუმცა ამის შესახებ თავად წარმოდგენა არ აქვთ. ეს ნაწილობრივ ანგრევს მყარ მოსაზრებას, რომ მშობლები მოზარდებისთვის ის ანარეკლია, რომელთანაც იდენტიფიკაციას ახდენენ.
უყურებ მათ და გესმის ფრაზები, რომელთაგანაც ზოგიერთი იმდენად ხმამაღალია, სკოლის შენობაში აღწევს, სასწავლო ოთახებში ისმის:
– „მე ვერ მოვთხოვ ჩემს შვილს, გეი მოსწონდეს! მე თვითონ ქუჩაში რომ ვხედავ, ერთი სული მაქვს, ხერხემალში გადავტეხო“;
– „მოაწყვეს გოგოებმა კლასის ჩათში სოდომი და გომორი“;
– „ყველაფერი ძაან გააზრებულია, მე არ მინდა ჩემი შვილი იმ ჯგუფში, სადაც ელგებეტე პროპაგანდა მიდის“;
– „პრობლემა ისაა, რომ ოჯახში არ აკონტროლებენ იმ ბავშვს, ვინც ამ დროშას აყენებს; დამპალი ფესვი უნდა ამოთხარო“;
– „ჩვენ გენეტიკაში არ გვაქვს ლესბოსელობა. უნდა გაუქმდეს მესიჯობანა“.
მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მკაცრ მეთოდებს. ამ მეთოდების შესახებ ღიად საუბრობენ, როდესაც „დაკითხვის ოთახიდან“ გამოდის გივის დედა. ის ვაჟიშვილს ავტობუსის გაჩერებისკენ მიუთითებს და თავად გაავებული მშობლების თავყრილობას უერთდება.
– „თქვენ თუ არ გინდათ, თქვენი შვილებიც ლესბოსელები გამოვიდნენ, მარტო ჩემი შვილი არ უნდა დაისაჯოს!“
ამ დროისათვის უკვე დადგენილია და გივის მშობელი ცდილობს, დანარჩენ მშობლებს აცნობოს, რომ ელენე – 13 წლის გოგო, რომელიც უფროსკლასელი, უცხო ბიჭისგან მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაშინების ობიექტად იქცა, რომელმაც სიტყვა „პრაიდი“ გააჟღერა პოზიტიურ კონტექსტში, მყარი და საშიშად გადამდები ლესბოსელია.
ქალები იხსენებენ მომენტებს, როგორი უშუალო ურთიერთობა აქვს ელენეს თანაკლასელ გოგონებთან. მაგალითად, როგორ კოცნის და ეხუტება საუკეთესო მეგობარ ნიცას, რომელიც ვინმე სოფიოს ასევე ცამეტი წლის შვილია.
– „ეს ელენე შენს შვილს საეჭვოდ დაუახლოვდა; სულ ხელიხელგადახვეულები დადიან; ზედ ეტმასნება. ხან ეხუტება, ხან კოცნის. სოფო, შენს შვილს, ხო! და სოფო შეურაცხადია. სოფო ფიქრობს, სად დაუშვა შეცდომა, როდის დააგვიანა; უნდა, ის ბავშვი, ის ელენე შუაზე გაწყვიტოს; დედამისს სწყევლის; იხსენებს, რომ ბავშვი უმამოდ იზრდება და ასკვნის – ყველაფერში დამნაშავეები არეული ოჯახები არიან.
ბრაზისგან ვეღარც ლაპარაკობს, სიმწრის ცრემლები მოსდის, როდესაც ყურადღება სხვა საკითხზე გადადის.
– „ დროშა რომ არ დაეყენებინათ, არ მოხდებოდა არაფერი!“ ვინ დააყენა დროშა?! ის, ვისაც უნდა ჩვენი შვილების გარყვნა?! ვინ დააყენა დროშა ?!
და დაიწყო დიდი მოკვლევა, თუ ვინ დააყენა დროშა.
რამდენიმე საათში დადგინდა, რომ დროშა დააყენა თინამ. 12 წლის გოგომ, რომელიც სიბნელეში ხელის მცოცებელთათვის მთავარი ხელმოსაჭიდი აღმოჩნდა და მთელი ის შუადღე სკოლის ეზოში, საღამო სახლის ეზოში, ღამე იმავე ფეისბუქმესენჯერში, სატელეფონო ხაზზე „ულიმიტო 25-ით“ და მომდევნო დღე, ადრიანი დილიდან გვიან საღამომდე, ქალები იცავდნენ საქართველოს ნათელ მომავალს – უცოდველ შვილებს – 12 წლის გოგოსგან, რომელიც დიდი ინტრიგანია, დიდი ბოროტება. თურმე, მის გამო მეგობრები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, მასწავლებლები კლასს ტოვებენ და უკან აღარ იხედებიან; თურმე, ადრეც შეუცვლია დროშა; თურმე, სულ იწვევდა ბავშვებს საჩხუბრად; თურმე, სამი წლის წინ, როდესაც თინა ცხრა წლის იყო, ერთ თანაკლასელ ბიჭს გეი უწოდა. მაშინაც ის იყო და ახლაც ის არის. სხვა ვინ იქნება?! შურისძიება. რევანში. ბრძოლა და სამართლიანობა, რომ, თუ ჩემი შვილი დაისაჯა, სხვისი შვილიც უნდა დაისაჯოს. სხვისი შვილიც უნდა იჯდეს პოლიციელის პირისპირ იმ სკამზე.
მთავარი ამბიდან მესამე დღეს ჩაინიშნა მშობელთა კრება. დაიბარეს თინას მშობელიც, რომელმაც ადგილზე მისვლამდე არაფერი არ იცოდა შვილის ბრალეულობის შესახებ და რომელმაც ვერ დაიცვა შვილი დიდი ქალების ზიზღისგან და ვერც გაბოროტებული თვალებისგან. ვერც ზურგს უკან მოლაპარაკე ენებისგან, ვერც ღვარძლისგან, რომელმაც შუა ხნის ქალებს ლოყები აუფაკლა და არც საპასუხო კომპრომატები ჰქონდა იმიტომ, რომ თინას დედა იმ უმცირესობაშია, რომელიც შვილის პირად შეტყობინებებს არ კითხულობს. თითქმის არასდროს.
– შენი შვილია პროვოკატორი!! შენი შვილია ყველაფრის თავი და თავი! შენი შვილი წლებია, ქვეშქვეშა და ინტრიგანი! შენი შვილი! შენი შვილი, შენი შვილი… და დედამისი ერთი იყო, ისინი ათნი და ყველა ერთხმად ყვიროდა:
– შენი შვილი… შენი შვილი… შენი შვილი…
და მაშინაც კი, როდესაც კლასის დამრიგებლის წყალობით ყველამ გაიგო, რომ სხვისი შვილი თინა სრულიად უდანაშაულოა ამ ამბავში, როცა გაიგეს, რომ ამ 12 წლის თინას ჯგუფში სიტყვაც არ დაუწერია და დროშა სულ სხვა ბავშვმა გადააყენა, სინანულის მარცვალიც კი არ ჩავარდნილა მათ გახევებულ გულებში. არც მაშინ ამოუღიათ ხმა, როდესაც გაიგეს, რომ დროშის გადაყენებაში ბრალდებული ბავშვი ერთ-ერთი იმათგანის შვილია, ვინც ხელებს გაავებული იშვერდა მისკენ და სახეზე წითლად დაფოთლილი ბრაზი ემჩნეოდა. ამ ქალებმა თავი არაფრის გამო არ ჩახარეს. უბრალოდ, თავი გვერდით იბრუნეს, შეტრიალდნენ და მოგუდული კისკისით გაუყვნენ გზას. ბოდიში არავის მოუხდია არც თინასთვის, არც ელენესთვის, არც მშობლებისთვის და დიდი გულისწყრომით უნდა ვაღიაროთ – ეს, ალბათ, იმიტომ, რომ, როგორც ტიტუს მაქციუს პლავტუსი იტყოდა – „ადამიანი ადამიანისთვის მგელია!“
სკოლის პოზიცია გასაოცრად სამართლიანი და ტოლერანტული იყო. გამოიძიეს ამბავი და ცხადად ითქვა, რომ რომ მსგავსი ქმედებები დასჯადია. ეს ისტორია თუ რამეს ჰგავს, ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს ძალადობას იმ პატარა არსებებზე, რომელსაც შენ უნდა ფლობდე. შენ უნდა მართავდე.
მათ ხომ წარმატებით შეძლეს თორმეტი წლის გოგოს დაკავშირება ბოროტ ძალებთან და დედამისის დახვრეტა სიტყვებით „შენი შვილი! შენი შვილი!“ ასევე წარმატებით შეძლებენ გარიყონ ის ცამეტი წლის გოგოც, რომელმაც მათზე მეტი იცის მათივე შიშებზე და უბრალო საუკეთესო მეგობარს კოცნის იმიტომ, რომ ასე გამოხატავს სიყვარულს.
პირველი მძაფრი ემოცია, როდესაც ამ ამბავს შევეჭიდე, იყო უკიდურესი ბრაზი, რომ ასეთ ქვეყანაში დავიბადე და დაიბადნენ ჩემი შვილები. იყო შიში, რომ მათზე ვერ გავიმარჯვებ და მესამე და მთავარი რაც იყო, ესაა იმედი, რომელიც იმიტომ გაჩნდა, რომ გავიხედე ამ ბავშვებისკენ, რომელთა მშობლებიც ერთმანეთს ლამის ცოცხლად მარხავდნენ და დავინახე, რომ ისინი თამაშობდნენ. აღარაფერი ახსოვდათ იმ მესენჯერ ჩათის ამბებიდან და გული სწყდებოდათ, რომ სექტემბრამდე ერთმანეთს ვეღარ შეხვდებოდნენ.