3 წლის წინ მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახმა კომპანიისგან კომპენსაცია მიიღო

პუბლიკა

3 წლის წინ ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახმა სამშენებლო კომპანიისგან კომპენსაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს.

მათი ცნობით, 23 მაისს გაფორმდა მორიგების აქტი სამშენებლო კომპანია – შპს „ემ.ჯი. ალიანსს“, შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია – შპს „ეიჩ ეს ი სერვის გრუპს“ და მშენებლობაზე გარდაცვლილი მღებავის ოჯახს შორის, რომლის ინტერესებსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენდა.

„მორიგების ფარგლებში, მოპასუხე კომპანიებმა მოსარჩელეებისთვის ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 40 000 ლარის, გარდაცვლილის შვილისთვის 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა და გარდაცვლილის მეუღლისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალიზებული კურსის გავლის დაფინანსება იკისრეს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის მარტში შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ სამშენებლო ობიექტის მე-11 სართულის სიმაღლეზე მომუშავე მღებავი – 31 წლის ვეფხვია ხუჭუა, ორ მუშასთან ერთად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო (სამუშაო კალათის გაწყვეტის შედეგად), სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახმა (მეუღლე, დედა და არასრუწლოვანი შვილი) შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ და შპს „ეიჩ ეს ი სერვის გრუპისგან“ სოლიდარულად მოითხოვა მორალური ზიანისა და სარჩოს ანაზღაურება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, სამშენებლო სექტორში ყველაზე მეტი მშრომელი იღუპება. 2011-2021 წლების მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილზე დაშავდა 1767 და დაიღუპა 514 ადამიანი.

ამ თემაზე გაეცანით „პუბლიკის“ მასალებს: