გარდაცვლილებსაც სჭირდებათ სამართალი

თათია ხალიანი

ერთი წლის წინ მშენებარე, მრავალსართულიანი კორპუსის გარე ფასადზე მოძრავი კალათის ბაგირი გაწყდა. კალათაზე მდგომი სამი მუშა დაახლოებით მე-11 სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში, მესამე კი – შემთხვევიდან მეშვიდე დღეს.

„როცა საავადმყოფოში შეიყვანეს, გონზე იყო, ექიმებს თვითონ უთხრა სახელი და გვარი. შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, ოპერაცია მაშინვე გაუკეთეს, მაგრამ ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული ჰქონდა… ძალიან მძიმე დაზიანებები იყო. თავის დაზიანება არ ჰქონდა მხოლოდ. ექიმები ვერაფერს ამბობდნენ. რადგან ახლა ცოცხალია, შეიძლება გადარჩეს კიდეცო“, – ნინო მჭედლიძე გარდაცვლილი ვეფხია ხუჭუას ცოლია.

ნინო მჭედლიძემ და ვეფხია ხუჭუამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს და ოჯახი შექმნეს. მათი შვილი ახლა 4 წლისაა. თბილისში ქირით ცხოვრობდნენ. ქმარი 16 წლიდან სულ მუშაობდა, სხვადასხვა ადგილას, ბოლო რამდენიმე წელი – მშენებლობებზე. შრომა არასდროს ეზარებოდა. ხელობის შესწავლა უნდოდა, მაგრამ ამისთვის დრო არ ჰქონდა. ნინო ამბობს, აუცილებლად შეძლებდა, რომ დასცლოდაო. სამსახურში დილის 9 საათზე გადიოდა და 6-ზე ბრუნდებოდა. სახლში სამსახურზე ლაპარაკი არ უყვარდა.

„ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა ყველაფრის მიმართ, სამსახურის, ოჯახის, შვილის მიმართ. არაჩვეულებრივი მამა იყო. ფოტოებს რომ ვუყურებ, დაუჯერებელია… დაუჯერებელია, რომ მკვდარია. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. როგორი პრობლემაც არ უნდა ჰქონოდა, არ დაითრგუნებოდა, არ იტყოდა, არ დაგანახებდა, რომ ნერვიულობდა. ყველაფერს ხალისით უყურებდა“, – იხსენებს ნინო.

როცა ესმოდა მუშების დაზიანების, გარდაცვალების ამბები, ძალიან წუხდაო, ამბობს ნინო. მაგრამ ამაზე ლაპარაკს თავს არიდებდა. ნინოს სულ ამშვიდებდა, ძალიან მაღალზე არ ვარ, აივნებზე ვარო. მაგრამ ნინო მაინც ყოველ დილით გაცილებისას აუცილებლად მიადევნებდა სიტყვებს – ფრთხილად, ძალიან გთხოვ, ფრთხილად იყავიო.

 „მაგრამ ბოლოს… ბოლო ერთი თვე ძალიან ხშირად ახსენებდა შიშს, მაგრამ ჩემთან არა, როცა სტუმრად დაჯდებოდა ხოლმე მეგობრებთან სასაუბროდ, მაშინ მესმოდა, რომ შიშზე ლაპარაკობდა. სულ პოზიტიური განწყობით და მონდომებული რომ მიდიოდა სამსახურში, ბოლოს დროს თითქოს ძალიან  გადაიღალა“, – ამბობს ნინო.

ნინოსთვის არ უთქვამს, ამიტომ არ იცის ზუსტად რომელ ობიექტზე და როდის მოხდა, მაგრამ სხვისგან მოისმინა, რომ ადრეც ჰქონდა მის ქმარს მსგავსი შემთხვევა. ბაგირი გაწყვეტილა, მაგრამ აივანზე შეხტომა მოუსწრია. ბოლო შემთხვევის დროს კორპუსის უკანა კუთხეზე მუშაობდნენ, სულ ბეტონი იყო, სწორი კედელი.

ნინო ამბობს, რომ ადგილზე მისულმა შრომის უსაფრთხოების სამსახურმა ბევრი დარღვევა აღმოაჩინა და მაშინვე ითქვა, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. თუმცა, საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის და არც გამოძიება დასრულებულა. როგორც ნინომ იცის, კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმეს.

„ეკეთათ მხოლოდ ჩაფხუტები, არ ეკეთათ ქამრები, ანუ მიბმული არ იყვნენ თოკზე, რომელიც დაშვებულია იქ. არც კი ვიცი ეს ქამრები ჰქონდათ თუ არა საერთოდ. გამოძიებას ჯერ არ აქვს დადებული  დასკვნა, რომელიც სრულ სურათს მოგვცემდა“.

როგორც ნინო ჰყვება, კომპანიამ ოჯახს უთხრა, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რამე გააკეთონ და მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ოჯახის დახმარება: „ერთადერთი კომპანიისგან რაც მიღებული მაქვს, 10 ათასი ლარია. დაგვაკრძალვინეს ადამიანი, რომელიც მათ ობიექტზე დაიღუპა. დაასაფლავეს“.

კომპანიიდან არავინ დაკავშირებია. არც ოფიციალური პასუხისმგებლობა დამდგარა ვინმესი. მაგრამ ნინო ამბობს, რომ არ უნდა ისევ  მისი ქმრის მსგავს მშრომელ, იქ დასაქმებულ ადამიანზე გადატყდეს ჯოხი. ამიტომ ელოდება გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნას. შემდეგ კი აპირებს ოფიციალურად მოითხოვოს კომპენსაცია.

„არ მინდა ვინმეს ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენი ბრალი არაფერია და გარდაცვლილებს დააბრალონ. ჩემს გარდაცვლილ ქმარზე, რომელსაც სიცოცხლე ძალიან უყვარდა, ამბობენ [კომპანია], რომ არის დამნაშავე, თვითმკვლელი. ეს ძალიან გამაღიაზიანებლია. არ მინდა, ამის თქმის საშუალება ჰქონდეთ. არ მინდა, ადამიანებს ეშინოდეთ და ხელი ჩაიქნიონ, რომ იმას ფული აქვს, ძალაუფლება აქვს და მე არასდროს არაფერი არ გამომივა“, – ამბობს ნინო.

გამომძიებელმა ნინოს უთხრა, რომ მასზე არ არის დამოკიდებული და არ შეუძლია ექსპერტიზა დააჩქარებინოს. რადგან ძალიან ბევრი საქმეა, ამიტომ იწელება და წლები აგვიანდებაო. „როგორც ვიცი, დასრულებულია ექსპრეტიზა, მაგრამ დასკვნა უკვე თვეზე მეტია ვერ მომზადდა“.

„მეუბნებიან, რომ გარდაიცვალა შენი მეუღლე, იმას უკვე რაღა ეშველება, იმისთვის რაღა შეიცვლება. მე არ ვფიქრობ, რომ რადგან გარდაიცვალა არ სჭირდება სამართალი.  სულ ვამბობ, რომ ცოცხლები რადგან ვართ, სულ შეგვიძლია ვიბრძოლოთ, მათთვისაც ვიბრძოლოთ.  ერთი ეს არის, რასაც ვცდილობ – გარდაცვლილებსაც სჭირდებათ სამართალი. მეორე ის, რომ  ჩემს შვილთან ერთად  ქუჩაში ვარ დარჩენილი, არაფერი გამაჩნია ქვეყანაზე. მესამე ის, რომ აუცილებლად გავასაჩივრებ და ოფიციალურად მოვითხოვ კომპენსაციას, რომ დარწმუნდნენ, რადგან ბიზნესმენები არიან მათ მოწყალებაზე არ არის იქ დასაქმებული ადამიანების ბედი დამოკიდებული. ჩემი დედამთილი, შვილმკვდარი დედა დღეს ემიგრაციაშია, ის არჩენს ჩემს შვილს. ასე არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ მე ეს გზა ვარჩიე, ვიბრძოლო“, – ამბობს ნინო.

ნინო მჭედლიძე ჩართულია EMC-ისთან ერთად პროექტში, რომელიც დაზარალებულებისა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის დახმარებას ითვალისწინებს. ამ პროექტის საშუალებით ოჯახებს სთავაზობენ უფასო იურიდიულ დახმარებას, ფსიქოლოგისა და ასევე სოციალური მუშაკის მომსახურებას. პროექტი არის ოჯახებისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება და ვინც მზად არის ისაუბროს ამაზე.

„ყოველთვის არსებობს გზა, რომ ადამიანმა იბრძოლო. გაჩერება დანაშაულად მიმაჩნია. მე თვითონ იმან გადამარჩინა, რომ გარეთ გამოვედი. თავიდან ჩაკეტილი ვიყავი. მერე ერთგან მივედი, მეორეგან. არ ვიცი რამდენ ხანს მომიწევს ბრძოლა, მაგრამ ზუსტად ვიცი, შედეგს გამოიღებს. მინდა ამაში დავარწმუნო ყველა.

მინდა ჩემი შვილის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, არ მეშინოდეს იმის, რომ სამსახურში წავა და… მინდა ვიცოდე, რომ მისთვის გარემო უსაფრთხოა, ამისთვის მინდა ყველაფერი“.