სამყარო თავდაყირა

დავით ბუხრიკიძე

30 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთერთი უდიდესი ხელოვანი, ფერმწერი და გრაფიკოსი, გეორგ ბაზელიცი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ფიგურატიული მხატვრობა.

ბედისწერამ მისი სიკვდილი სწორედ ვენეციის ბიენალეს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ინება, როდესაც სანტა მაჯორეს კუნძულზე, ჯორჯო ჩინის ფონდი ბაზელიცის ბოლოდროინდელი ნამუშევრების (2022-2023 წლები) წინასაგამოფენო სამზადისშია. მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს, თუ უბრალოდ, ვიზიტორებს ამ გრანდიოზული მასშტაბის ნამუშევრების ნახვა 6 მაისიდან სექტემბრის ბოლომდე შეეძლებათ.

გეორგ ბაზელიცი ომისშემდგომი ეპოქის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ევროპელი მხატვარია: ნეოექსპრესიონისტული ნიშნებით გამორჩეული დათავდაყირადახატული სამყაროს დაუღალავი ჟამთააღმწერელი. ექვსი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი, ფორმალური თუ ტექნოლოგიური ძიებების, დაუნდობელი და ზოგჯერ თვითგამანადგურებელი გულახდილობის მიუხედავად, ის თითქმის არასოდეს გასცილებია აბსტაქტული და ფიგურატიული მხატვრობის ფარგლებს და სიცოცხლეშივე ამ მიმართულების სიმბოლოდ იქცა.

ჰანსგეორგ კერნი დაიბადა 1938 წლის 23 იანვარს, სოფელ დოიჩბაზელიცში (საქსონია, გერმანია) და შეიძლება ითქვას, რომ გაიზარდა მესამე რაიხის ნანგრევებს შორის. მეორე მსოფლიო ომიდან გამოყოლილი ტრავმები და ნაცრისფერი მის მიერ შექმნილი ნამუშევრების ძირითადი საფუძველია. როგორც ერთერთ ინტერვიუში აღნიშნავს: „მე დავიბადე დანგრეულ წესრიგში, დანგრეულ ლანდშაფტში, დანგრეულ ხალხში, დანგრეულ საზოგადოებაში”. გვარი ბაზელიცი კი მოგვიანებით მიიღო საქსონიაში დაბადების ადგილის ნიშნად, როდესაც 1956 წელს ბერლინში სასწავლებლად გადავიდა.

მისი მხატვრული გზა პოლიტიკური და უფრო მეტად, ესთეტიკური მოლოდინებისადმი მუდმივი იმედგაცრუების ფონზე ჩამოყალიბდა. ბერლინის სამხატვრო აკადემიიდანსოციალური და პოლიტიკური უმწიფრობისგამო გარიცხეს. თუმცა ეს ბრალდება იმ პოლიტიკურად დაძაბულ ვითარებაში (როცა სულ მალე, 1961 წელს, ქალაქი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაიყო) ერთგვარი პატივიც კი იყო.

სწორედ დასავლეთ ბერლინში ნახა პირველადახალი ამერიკული მხატვრობისგამოფენა. ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპული და განსაკუთრებით, გერმანული ექსპრესიონიზმი საკუთარ დიდ მემკვიდრეობას უკვე მუდმივ და გამეორებად ფორმებში მოაქცევს. ის ხშირად იმდენად საინტერესო იყო, რამდენადაც არასაკმარისად თანამედროვე და თამამი; ასე მიაჩნდა გეორგ ბაზელიცსაც, რომლის გვარი და სახელი უკვე ასეთი ფორმით იწერებოდა არტჟურნალებში.

მიუხედავად იმისა, რომ 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში, ბევრი ევროპელი მხატვარი პირდაპირ საზრდოობდა ამერიკულისტილისტურ რყევებით” – კონცეპტუალიზმით და განსაკუთრებით, ამერიკული პოპარტით, გეორგ ბაზელიცი კვლავ ადასტურებდა ფერწერისადმი ერთულებას, გრაფიკაში ფიგურის მნიშვნელობას და ცენტრალურობას. გამოსახავდა მითიურ, ხშირად გროტესკულ პერსონაჟებს სასტიკისა და ეროტიზმის შერწყმისა თუ გადაკვეთის ზღვარზე.

ბაზელიცის პირველი პერსონალური გამოფენა 1963 წელს მალევე დახურეს, ხოლო ორი ნამუშევარი მხატვარს უხამსობის ბრალდებით ჩამოართვეს. ცხადია, ეს იყო უხეში ინსტიტუციური ჩარევა, რომლის მიღმაც არამხოლოდ ფორმალური და მორალური მიზეზები იკითხებოდა, არამედ ერთგვარი შიშიც, რადგან ახალგაზრდა მხატვრის შიშველი ფიგურებიდან თუ სისასტიკიდან ფაშიზმის მოურჩენელი იარები იმზირებოდნენ.

1969 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა მხატვრის შემოქმედებაშიმისი პირველი ინვერსიული ნახატით. თავისი ნამუშევრების თავდაყირა გადაბრუნებით, ბაზელიცმა ლამის გაწყვიტა კავშირი გამოსახულებასა და წარმოდგენას შორის, რადგან ინვერსიული ტილოები მისი მთელი შემდგომი კარიერის სიმბოლოდ იქცადა იმის დასტურად, რომ ფიგურული მხატვრობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფერწერულ ჩარჩოში, ნარატივსა და წარმოდგენაზე დაყრდნობის გარეშე.

სწორედ მისმა მაგალითმა შთააგონა გასული საუკუნის 80-იანი წლების ნეოექსპრესიონისტული თაობა, ხოლო მისი გავლენა გერმანელ მხატვრებზე, რომლებიც ეროვნული ცნობიერების, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მძიმე ტვირთს ებრძოდნენ, დღემდე ფასდაუდებელია. ბაზელიცმა შექმნა და განაგრძო ის, რასაც დღეს არტკრიტიკოსებიპრიმიტიულ და უხეშკვეთას უწოდებენ (ხშირად ამ მიმართულებასახალი ველურებისსახელწოდებითაც ამოიკითხავთ). ეს არის ნატურალისტური ზომის ფიგურები, რომლებიც ხან მყარი ტოტებიდან არის გამოკვეთილი და ამოღრმავებული, ხანაც თიხისგან გამოძეწილი.

პოეტი, კრიტიკოსი და მეცნიერი, რობერტ ისაფი აღნიშნავს, რომ ბაზელიცის გვიანდელმა სერიამ, რომელიც 2004 წელს ავინიონის ნახატებით დაიწყო, მხატვრის შემოქმედებას სრულიად სხვა ელფერი და პოტენციალი შესძინა. ამ ნამუშევრების ეპიცენტრში ცხადია, პირველ რიგში იყო მხატვარი ელკე კრეცშმარი, რომელზეც ბაზელიცი 1962 წელს დაქორწინდა და რომლის ხატვასაც ის სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა.

ვცდილობ ყოველდღე ვიმუშაო, თუნდაც ძალიან შეზღუდული დროით. ჩემი ფიზიკური მდგომარეობა საუკეთესო არ არის. ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს, როგორიცაა სასეირნო ეტლები, ჯოხები, სკამები, გაფართოებული ფუნჯები,  პალიტრის დანები და მხატვრული გადაწყვეტილების მიღების სხვა საშუალებები”, – განუცხადა ბაზელიცმა The Art Newspaper- 2023 წელს. თუ კარგად დავაკვირდებით და შევისწავლით მის ნამუშევრებს, ფერწერას, გრაფიკას ან ქანდაკებებს, მათში ბიოგრაფიულ ან ავტობიოგრაფიულ წარსულს უთუოდ ამოიკითხავთ. “ჩემი წარსულის გარეშე არაფერი შემიქმნია” – ეს ალბათ, მხატვრის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემოქმედებითი თვალსაზრისით განმსაზღვრელი ფრაზაა.

ბოლო წლებში, ბაზელიცის ნამუშევრები ყველაზე მასშტაბური ინსტიტუციური კვლევის საგანი გახდა. მაგალითად, დიდი გამოფენა ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში (2023 წელს) და პარიზში, პომპიდუს ცენტრში (2021-2022 წლებში). მისი ბოლო სერიამონუმენტური ავტოპორტრეტები და მეუღლის, ელკეს პორტრეტები, რომლებიც მანათობელ ოქროსფერ ფონზეა ჩამოკიდებული, თავისი სპექტრული ხაზებით, თანაბრად მოგვაგონებს შუა საუკუნეების ხატწერას და იაპონურ კალიგრაფიას.

სწორედ გეორგ ბაზელიცისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება სანტა მაჯორეს კუნძულზე, 6 მაისს, ჯორჯო ჩინის ფონდის კურატორობით ვენეციის 61-ე ბიენალესთან ერთად და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.