ჭიათურის ბოლო ერთი წელი

პუბლიკა

ჭიათურას არასდროს უცხოვრია პრობლემების გარეშე. გაფიცვა, პროტესტი, გლოვა დაღუპული მაღაროელებისა და წუხილი ეკოლოგიაზე აქ არასდროს დასრულებულა. მმართველობის ოცი წლის თავზე მადნის მომპოვებელმა კომპანიამ რეორგანიზაციის სახელით, მინიმუმ, 1500 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან, პროტესტის მონაწილე ოთხი ადამიანი კი ციხეშია. ამ პირობებში, ჭიათურა იმაზე მეტ გაჭირვებაში აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თამრიკო ცერცვაძე ვაკის პარკში მთავაზობს შეხვედრას – იქვე ხილ-ბოსტნის მაღაზიაში ვმუშაობ და თან წლებია, პარკში არ ვყოფილვარ, სანამ მოხვალ, ცოტას გავისეირნებო.

60 წელს მიტანებული ქალია. ენერგიული და კარგი მოსაუბრე.

ერთი წლის წინ მისი შვილი ღამის სამ საათზე ჭიათურის ცენტრში გაშლილი კარვიდან აიყვანეს და მას შემდეგ ციხეშია. ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

36 წლის თენგო გველესიანი შარშან, 29 აპრილს, სამ სხვა ჭიათურელ მაღაროელთან ერთად დააკავეს. ზაფხულში ქუთაისში მის სასამართლო პროცესზე გადაჭედილ დარბაზში თენგოს ოჯახის გვერდით აღმოვჩნდი. დარბაზში შემოსულს დედამ და ნათესავებმა მეორე შვილის, ნიტას დაბადება ხმაურით და ტაშით მიულოცეს. ბიჭების მოსამართლემ მათ შენიშვნა გამოუცხადა.

თენგოს მაღაროში არასდროს უმუშავია.

თამრიკო მიყვება, რომ შვილს სტუდენტობისას თბილისში გამოჰყვა და მას შემდეგ დედაქალაქში შემორჩნენ. თამრიკომაც მუშაობა დაიწყო და თენგოც აქ დამკვიდრდა. პროფესიით ეკონომისტია.

„გამჩენი არ ასვენებდა არასდროს. სულ ჭიათურისკენ ედგა თვალი. ბრაზობდა, როგორ შეიძლება, ამხელა რესურსი ჰქონდეს ქალაქს და ასეთი დაქცეული იყოსო“.

თენგომ ჭიათურის ბოლო პროტესტამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთ-ერთ სოფელში კარავიც დადგა. უნდოდა, ადგილობრივები შემოეკრიბა და ეკოლოგიურ პრობლემებზე ელაპარაკათ, მაგრამ მაშინ ბევრი თანამოაზრე ვერ იპოვა.

თუმცა მალევე ჭიათურაში დიდი და ხანგრძლივი პროტესტი დაიწყო.

ჭიათურა, 25 აპრილი, 2026 წელი

მას შემდეგ დგას ჭიათურის ცენტრში მანქანის მისაბმელი ე.წ. ვაგონი, სადაც კიდევ ერთი დაკავებულის, მერაბ სარალიძის ცოლს, ჟანას ვხვდები. წინასწარვე მაფრთხილებს, რომ იმდენად რთულია მისთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა, ბევრს ვერ ვილაპარაკებო.

ჟანა გოგატიშვილი

კარგად ახსოვს შარშანდელი 29 აპრილი. ღამის ოთხი საათი იყო: „ბიჭებმა მანქანებით ამოიარეს და დავიღუპეთო, ყვიროდნენ“. მალევე პოლიციიდან დაურეკეს. უთხრეს, რომ მერაბი დაკავებული იყო და ადვოკატს ითხოვდა.

ჟანა იხსენებს დაკავებამდე პერიოდს, როგორ დააანონსეს სამთავრობო მედიებმა მაღაროელების დაკავება:

„სიუჟეტი გავიდა „ტვ იმედში“, რომ ბიჭების დაკავებას აპირებდნენ, ოღონდ, სხვა გვარები თქვეს მაშინ, მაგრამ მერე ეს სია შეცვალეს და, საბოლოოდ, სხვები აიყვანეს“.

ჟანა და მერაბი 13 წელია, ერთად არიან. 2 შვილი ჰყავთ. ორივეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მუდმივი სამედიცინო ყურადღება სჭირდებათ.  ოჯახს მერაბის დაკავებამდეც და ახლაც სოციალური დახმარება აქვს. ჟანა ამბობს, რომ მაღაროში მუშაობის დროს ქმრის ანაზღაურება იმდენად დაბალი იყო, ოჯახს არასდროს ჰყოფნიდა: „ახლაც სოციალურ დახმარებას ვიღებ. ხან ვინ მეხმარება, ხან ვინ. მერაბის გარეშე ძალიან მიჭირს“.

მერაბ სარალიძე მაღაროში 2012 წლიდან მუშაობდა. ახლა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება სახელმწიფო. მერაბი მანამდე ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი თვალშისაცემი ლიდერი იყო.
რა მოხდა ბიჭების დაკავებამდე?

2024 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც უკვე 20 წელია, ჭიათურაში მადანს მოიპოვებს, გადაწყვიტა, გადასულიყო „სპეციალურ რეჟიმზე“. ეს ნიშნავდა, რომ კომპანია დროებით აჩერებდა მაღაროების მუშაობას. დასაქმებულებს შეჰპირდნენ, რომ გადაუხდიდნენ ხელფასის 60%-ს, მომდევნო თვეებში კი, პარალელურად, იმუშავებდნენ კრიზისის დაძლევაზე.

მაგრამ ასე არ მომხდარა.

28 თებერვალს ჭიათურაში გაიმართა დიდი აქცია და აქედან გავიგეთ, რომ ბოლო თვეებში მაღაროელებს შეპირებული 60%-იც კი არ ჩარიცხვიათ და არც მაღაროების მუშაობა გაგრძელებულა. მუშები საუბრობდნენ საბანკო ვალდებულებებზე, სხვა პასუხისმგებლობებზე. დახმარებისთვის მთავრობის კანცელარიასთანაც ჩამოვიდნენ, თუმცა არც მაშინ და არც შემდეგ მათთვის პასუხი არავის გაუცია.

ამ დღიდან ჭიათურაში კარავი დგას.

სანამ მაღაროელებს დაიჭერდნენ, ცოტა ხნით ადრე „ჯორჯიან მანგანეზმა“ ახალი მმართველობა გაგვაცნო, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ კი სათავეში, როგორც გავიგეთ, მიხაილ სოცკი ჩაუდგა – რუსეთის მოქალაქე, რომელიც მანამდე ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის მმართველი იყო და მის პერიოდს შახტში არაერთი მუშის დაღუპვა უკავშირდება.

და სწორედ ამ ადამიანის პირობებში კომპანიამ გამოაცხადა მასობრივი რეორგანიზაცია, რომელსაც 3600 დასაქმებულიდან 1500-დან 2000-მდე მაღაროელის გათავისუფლება მოჰყვა. სამსახურის გარეშე დარჩენილი მუშების ზუსტი რაოდენობა დღეს არ ვიცით.

„დავიწყეთ ამ ხელშეკრულებაზე კითხვების დასმა. იურისტებს როცა ვაჩვენეთ, გვითხრეს, რომ იურიდიულად სრულიად გაუმართავი იყო. უპირობოდ ითვალისწინებდა 3600-მდე ადამიანის გათავისუფლებას და შემდეგ, ვინც დასჭირდებოდათ, დაახლოებით 2000 ადამიანზე იყო საუბარი, მას დაასაქმებდნენ“, – მეუბნება ტარიელ მიქაცაძე, რომელიც წელიწადზე მეტია, ჭიათურის პროტესტშია ჩართული. ტარიელი ყოფილი მაღაროელია.

ტარიელ მიქაცაძე პროტესტის სხვა მონაწილეებთან ერთად. ჭიათურა, 25 აპრილი, 2026 წელი

და რა მოხდა უშუალოდ 28 აპრილს? იმ დღეს, როცა მაღაროელები დააკავეს?

ეს იყო დღე, როცა სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა პერევისას მაღაროს ტექნიკური შემოწმება გადაწყვიტა. ადგილზე უამრავი პოლიცია იყო მობილიზებული.

პერევისას მაღარო მანამდე, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის გამო, თვეების განმავლობაში იყო გაჩერებული. შუქრუთელები მთავრობისგან დახმარებას და კომპანიასთან შუამდგომლობას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ მადნის ვახტური წესით მოპოვებამ მათი სახლები გაანადგურა და კომპანიისგან ადეკვატური კომპენსაცია სურდათ. ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ნეფარიძე, სწორედ ამ პროტესტის ლიდერი იყო.

„28 აპრილს ტექნიკური ჯგუფი მაღაროს შესამოწმებლად სრულიად ხელცარიელი, ტექნიკურად შეუიარაღებელი მოვიდა. შევიდნენ შიგნით და 15 წუთში უკან დაბრუნდნენ. ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ, რეალურად, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია სახელმწიფოსგან. მათ აწყობდათ, რაღაც მომხდარიყო და მიზანი მაღაროს შემოწმება საერთოდ არ ყოფილა“, – ამბობს პროტესტის მონაწილე, დათო ჩინჩალაძე.

ფიზიკური დაპირისპირება შუქრუთის მაღაროს დირექტორ, თენგიზ კობერიძესა და პროტესტის მონაწილეებს შორის მაღაროდან მოშორებით, გზაზე მოხდა. იმავე დღეს სამთავრობო მედიებში ტრიალებდა ერთი და იმავე შინაარსის წინადადება:

„დააკავვეს მაღაროელები, რომლებიც მძიმედ გაუსწორდნენ მაღაროს დირექტორს და რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეორგანიზაციის გეგმას“.

ეს იყო ის ნარატივი, რითაც სამთავრობო პროპაგანდა მუშაობდა. არავის უხსენებია, რას აპროტესტებდნენ მუშები.

შუქრუთის მაღაროს დირექტორთან ფიზიკური დაპირისპირება მართლაც მოხდა. ამას არავინ უარყოფს, თუმცა ვინ იყო ზუსტად ამ ინციდენტის მონაწილე და, საბოლოოდ, რა ბრალდებით არიან პროტესტის მონაწილეები ციხეში, ეს ბადებს ბევრ კითხვას.

თავდაპირველად ოთხივე ადამიანს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გოგოტიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა დასდეს ბრალად, რაც ციხეში 4 წელსა და 3 თვით ყოფნას გულისხმობს. პროტესტის ლიდერს, მერაბ სარალიძესა და შუქრუთელ გიორგი ნეფარიძეს ამ ძალადობის დაგეგმვა ედებათ ბრალად. კონკრეტულად კი, პროკურატურა ამბობდა, რომ სარალიძემ და ნეფარიძემ მაღაროს დირექტორს გზა განზრახ გადაუკეტეს, შემდეგ დაურეკეს აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს და მათი დახმარებით გაუსწორდნენ კობერიძეს.

მერაბ სარალიძეს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატები იცავენ.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ რეალურად, ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს ჯგუფურ ძალადობასთან და არ არსებობს სატელეფონო ჩანაწერიც კი, რომელიც დაადასტურებდა პროკურატურის ვერსიას, რომ მერაბ სარალიძემ სპეციალურად დაურეკა ჭიათურაში მყოფ მეგობრებს და მათ სოფელში ასვლა სთხოვა, რათა მაღაროს დირექტორს თავს დასხმოდნენ.

და რაც ყველაზე მთავარია, 9-თვიანი სასამართლო პროცესების ფონზე ვერ დამტკიცდა ისიც კი, რომ ინციდენტის დროს, მაგალითად, თენგო გველესიანი შემთხვევის ადგილზე იყო:

„4 წელი და 3 თვე არაფრის გამო? ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ, მოწმედ დამდგარიყვნენ და დაედასტურებინათ, რომ თენგო ადგილზეც არ ყოფილა. გვიან ავიდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა მოწმედ გამოყოლაზე. ეშინიათ“, – მეუბნება თენგოს დედა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა და სულ ახლახან პირველი სხდომაც გაიმართა.

„ბრძოლას არ შევწყვეტთ. ის, რაც მე ამ 9 თვეში სასამართლოში ვნახე, სასამართლო პროცესები კი არა, უსამართლო პროცესები უნდა ერქვას“, – ამბობს გველესიანის დედა.

როგორ შეიცვალა ჭიათურის რეალობა ამ ერთ წელიწადში?

ჭიათურაში 2014 წლიდან ვმუშაობ. აქაურებს სათქმელი ყოველთვის ჰქონდათ და თქმასაც არასდროს ერიდებოდნენ. მას შემდეგ, რაც 2006 წელს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურასა და საჩხერეში მადნის მოპოვების ლიცენზია მიიღო, 12-მდე მაღარო მუშაობდა. გარკვეულ ტერიტორიებზე კი მადანს ღია კარიერული წესით, ანუ მიწისზედა სამუშაოებითაც იღებდნენ.

და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პერიოდულად, სულ იყო დავა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის. არასათანადო სამუშაო პირობებზე, დაბალ ანაზღაურებაზე, ხან კი მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე წუხდა ხალხი. დანგრეულ სახლებზე, დაბინძურებულ მდინარესა და ჰაერზე, გახშირებულ ონკოლოგიურ დაავადებებზე.

2021 წელი, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი ჭიათურის ცენტრში
მიტოვებული სახლი ერთ-ერთ ღია კარიერთან, ჭიათურა 2023 წელი

თუმცა დღეს აქ ცოტა სხვა რეალობაა.

პროტესტის მონაწილეების დაკავებამ და მუშების გათავისუფლებამ მოსახლეობაში გარკვეული შიში უკვე გააჩინა.

დილის 9 საათია. ჭიათურის ცენტრში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გავდივარ იმ იმედით, რომ მაღაზიის გამყიდველებსა და სხვა ადგილობრივებთან დალაპარაკებას შევძლებ.

წინა დღეს რამდენიმე გარემოვაჭრეს შევხვდი.

„ეს ადამიანები გვაარსებებდნენ“, – მეუბნება მარიამი, რომელიც, რაც თავი ახსოვს, მდინარე ყვირილას ერთ-ერთ ხიდთან, კიბის ბოლოში ზის და მეგობართან ერთად სუნელებს ყიდის. ამბობს, რომ სოციალური ფონი ჭიათურაში კარგი არასდროს ყოფილა, თუმცა: „რაც 1500-მდე მაღაროელი გაათავისუფლეს, ქუჩაში ხალხიც არ მოძრაობს. მყიდველი არაა“. 

„ადრე თუ ორ კილოს ყიდულობდა ხალხი, ახლა ორი ცალი მიაქვს სახლში, ისეა ფასები გაზრდილი“, – მეუბნება ბაზარში ჟუჟუნა გულიაშვილი.

ჟუჟუნა გულიაშვილს ხილ-ბოსტნის მაღაზია უკვე 10 წელია რაც აქვს

ჟუჟუნა გულიაშვილს ხილ-ბოსტნის მაღაზია უკვე 10 წელია რაც აქვს

თუმცა მეორე დღეს ქალაქში კამერით გასულს სახის გამოჩენაზე უარს მეუბნებიან. არავინ მალავს საუბრისას, რომ ჰუმანიტარული კრიზისი ჭიათურაში ბოლო 2 წელში კიდევ უფრო გაძლიერდა: „მაგრამ სახის გამოჩენა არ მინდა“.

რისი ეშინია ხალხს? ვეკითხები გარემოვაჭრე მარიამს: „სამსახურის დაკარგვის. მასწავლებლებსაც არ მოსწონთ ეს გაჭირვება, ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ ხმას ამოიღებენ და სამსახურს დაკარგავენ. სად წავიდნენ?”.

მარტო ქალაქში, საქსტატის ბოლო მონაცემებით, დაახლოებით, 12 ათასი ადამიანი ცხოვრობდა (2024). 90-იან წლებთან შედარებით, ეს რიცხვი 50%-ზე მეტითაა შემცირებული.

აქაურებისთვის მაღარო იყო ერთ-ერთი მთავარი დასაქმების ადგილი, მუნიციპალური სამსახურების პარალელურად: „წასულია ხალხი, ზოგი თბილისში, ზოგი – ემიგრაციაში“.

თუმცა, წიაღისეულის მიუხედავად, ჭიათურის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია საქართველოში.

მოსახლეობის 60% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, ხოლო ყოველი მესამე მოქალაქე, ანუ 34% საარსებო შემწეობის ამარაა დარჩენილი. ეს მაჩვენებელი იმ რეგიონების მონაცემებსაც კი აღემატება, სადაც საერთოდ არ მოიპოვება წიაღისეული.

რატომ უჭირს წიაღისეულით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონში მცხოვრებ ხალხს ასე?

„საქართველოს მინერალური რესურსების ფისკალური პოლიტიკა: სიმდიდრე თუ დაკარგული შესაძლებლობები“, – ასე ჰქვია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 2025 წლის კვლევას, რომელშიც განხილულია საქართველოში წიაღისეულით მდიდარი სხვადასხვა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ამ კვლევაში ჭიათურაზე ვკითხულობთ, რომ ეს მძიმე რეალობა პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებულ გაუმართავ ფისკალურ პოლიტიკასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს თავისივე რესურსით ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ჭიათურის მანგანუმის ექსპორტიდან ქვეყანამ 9.3 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, თვითონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით მხოლოდ 4.3 მილიონი ლარი შევიდა.

ამხელა განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ მოპოვების მოსაკრებელი საერთოდ არ არის მიბმული პროდუქციის საბაზრო ღირებულებაზე. „ჯორჯიან მანგანეზი“ 1 ტონა მანგანუმზე ბიუჯეტში მხოლოდ 18 თეთრს იხდის, რაც 2016 წლის შემდეგ არც კი შეცვლილა.

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ სანამ ქვეყანაში მოქმედებს მოძველებული, მოცულობაზე მიბმული ტარიფები და არა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული, ფასზე დამოკიდებული სისტემა, მანგანუმისგან მიღებული მილიარდები კომპანიის მფლობელებთან წავა, ჭიათურა კი კვლავ ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებულ და, შესაბამისად, ღარიბ რეგიონად დარჩება.

ამას ემატება რეგიონში არსებული ეკოლოგიური კრიზისიც.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აქ მადანს 2006 წლიდან მოიპოვებს. თავდაპირველად 12-მდე მაღარო მუშაობდა, თუმცა ახლა წარმოების დიდი ნაწილი ღია კარიერულ მოპოვებაზეა გადასული. თუ მაღაროში მადანს მიწისქვეშ მოიპოვებენ, ღია კარიერული წესით მოპოვება ნიშნავს მიწისზედა ფენიდან მადნის ამოღებას.

სოფელ ითხვისში ბოლოს 2022 წელს ვიყავი, 27 მარტის მეორე დღეს, როცა აქ მიწის უდიდესი მასა დაიძრა და ერთი სახლი მთლიანად ჩაიყოლა, 10-მდე კი ისე დაანგრია, საცხოვრებლად საშიში იყო. გზაზე და ნაკვეთებშიც ნაპრალები დაგვხვდა.

2022 წლის მარტი, სოფელი ითხვისი

გეოლოგიურ დასკვნაში ეწერა, რომ მეწყერი 90-იანებში მადნის ქაოტურმა მოპოვებამ და შემდეგ უხვმა ნალექებმა გამოიწვია. მაშინ ადგილობრივები ძალიან თამამად საუბრობდნენ იმაზე, რომ სოფელი მადნის უსისტემო მოპოვების გამო დაზარალდა.

თუმცა სახელმწიფო მათ სტიქიის შედეგად მიღებული ზიანის თანხას, 30 ათასამდე ლარს სთავაზობდა.

სოფელი ითხვისი, 2026 წელი

ითხვისში ახლა ასულს სამი ოჯახიღა დამხვდა. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სახელმწიფოს ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს და ჯიუტად ცდილობენ, სახლების ნგრევის გამო, ადეკვატური კომპენსაცია მიიღონ.

თუმცა კამერასთან საუბარს ერიდებიან: „იქნებ, რამე გამოგვივიდეს და თუ საჯაროდ ვილაპარაკეთ, შესაძლოა, ცუდად მოგვიტრიალდეს“, – მეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი, შუახნის კაცი.

მიტოვებული სახლი სოფელ ითხვისში, 2026 წელი

ოჯახების ნაწილი, მერიის დახმარებით, ჭიათურაში, ქირითაა გასული. ნაწილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულის კომპენსაცია აიღო, 8 ოჯახს კი სასამართლოში კომპანიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი და მოითხოვს, ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს რეალური ზიანი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ შესაბამისი თანხა.

„კომპანიის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი მხოლოდ მუშების გათავისუფლებას არ ნიშნავდა“, – მეუბნება ჩემი მეგზური, ტარიელ მიქაცაძე და მიხსნის, რომ, როცა კომპანია მათგან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას მოითხოვდა, პროტესტის მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ შემდეგ მათ სხვადასხვა კოოპერატივში დაასაქმებდნენ.

რას ნიშნავს ეს?

რეალურად, დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ (ახალი მენეჯმენტით, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“), თავისი სალიცენზიო მიწები სამუშაოდ დათმობილი აქვს სხვადასხვა წვრილი შპს-ებისთვის. ე.წ. კოოპერატივებისთვის.

ეს კოოპერატივები, როგორც წესი, მადანს არა მაღაროდან, არამედ, ღია კარიერებიდან იღებენ. მიწისზედა მოპოვება მიწისქვეშა მოპოვებისგან განსხვავებით, მეტად ბიუჯეტური და ეკონომიურია. მაღაროებში მუშაობას თავისი რთული სპეციფიკა აქვს, მაგალითად, იქ ჯერ, აფეთქებამდე, გვირაბგამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. მოპოვებამდეც და შემდეგაც, მაღაროებში სპეციალური კონდიცირების სისტემის მუდმივი მუშაობაა საჭირო და ა.შ.

წიაღისეულს ღია კარიერებიდან კი არ სჭირდება ამხელა ტექნიკური მხარდაჭერა. შესაბამისად, გაცილებით ბიუჯეტურია. მუშების რეორგანიზაციისას კომპანიისგან მუდმივად ისმოდა, რომ ფინანსური კრიზისის პირობებში, საჭირო იყო მაღაროს სისტემიდან ღია კარიერულ წესზე გადასვლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შექმნილი ე.წ. კოოპერატივების სისტემა „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოსდაცვითი და თუნდაც, სოციალური პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს“, – ამაზე ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდა თავის ანგარიშში გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“. მაგალითად, როდესაც ღია კარიერზე კომპანია მადანს მოიპოვებს, საჭიროა მიწის გარკვეული ფენის ამოთხრა. მოპოვების შემდეგ კი ჯერ ტექნიკური რეკულტივაცია, ანუ მიწის ფენის დაბრუნება და შემდეგ უკვე ამ მიწის განაყოფიერება ისე, რომ მანამდე არსებულმა ფლორამ სიცოცხლის გაგრძელება შეძლოს.

თუმცა ჭიათურის სოფლების ნაწილი დღეს, ფაქტობრივად, გაუდაბნოებულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რეკულტივაციის არასრულყოფილი პროცესია.

მთავარი ისაა, რომ დღეს ჭიათურის ბევრ სოფელში, „ჯორჯიან მანგანეზის“ გარდა, მისი შვილობილი კომპანიები მადანს უშუალოდ დასახლებულ პუნქტებთან ძალიან ახლოს ან საერთოდაც, სოფლის ქვეშ, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მოიპოვებენ.

სოფელი შუქრუთი 2019 წლიდან პროტესტშია ჩართული. სწორედ ამ პერიოდში შეამჩნია მოსახლეობამ, რომ სახლებს ბზარები უჩნდებოდა. მადნის ე.წ. ვახტური წესით მოპოვებამ აქ არაერთი ოჯახი დააზარალა: „ნაწილმა აიღო კომპენსაცია, მაგრამ ეს იყო ზიანის და არა ზარალის. სახლის ნგრევისთვის აქ თანხა არავისთვის გადაუხდიათ“, – მეუბნება შუქრუთის მცხოვრები ჯემალ ცუცქირიძე.

რა არის ვახტური წესით მოპოვება? ესაა ინტენსიური, უწყვეტი მოპოვება, როდესაც სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ცვლებით, ანუ ვახტებით. ამ დროს კომპანიების მთავარი მიზანი მოკლე დროში მაქსიმალურად ბევრი წიაღისეულის მოპოვებაა.

ამის გამო კი, მადნის გამოტანის შემდეგ წარმოიქმნება ცარიელი სივრცეები, რომელთაც, წესით, სპეციალური მასალით უნდა ავსებდნენ, ზედა მიწის ფენებმა რომ სიმყარე შეინარჩუნოს, თუმცა სოფელ შუქრუთის ქვეშ დღეს არანაირი გამყარების სამუშაოები არ ტარდება.

„ესაა მოცემულობა. რა ვქნათ, ამ სახლის ქვეშ მადანი გადის”, – ასე გამოეხმაურა 2021 წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეცმმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, შუქრუთელების პროტესტს და სოფლის ნგრევა მოცემულობად დაასახელა.

ღია კარიერი სოფელ შუქრუთთან მიმავალ გზაზე. ჭიათურა 2026 წელი

ითხვისი და შუქრუთი არაა გამონაკლისი სოფლები, სადაც ეს მდგომარეობაა:

„აღდგომას სოფელ ხრეითში და მერე თაბაგრებში გვინდოდა ასვლა. თაბაგრებისკენ გზა ისეთ მდგომარეობაში იყო, გადავიფიქრეთ. ხრეითშიც აღარავინაა დარჩენილი. ხალხი მანქანებით მოვიდა და ეგრევე თბილისში დაბრუნდა“, – მეუბნება თამრიკო ცერცვაძე.

თუმცა, როდესაც კომპანიის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, რეალურად, დღეს მადანს ერთი დიდი და სხვა წვრილი შვილობილი კომპანიები კი მოიპოვებენ, თუმცა ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით საკითხებში ჯერ კიდევ 2017 წლიდან კომპანიას სახელმწიფო მმართველი ჰყავს დანიშნული.

სპეცმმართველის დანიშვნის მიზეზი მაშინ 500 მილიონამდე ჯარიმა იყო, რომელიც სახელმწიფომ კომპანიას გარესმოდაცვითი ზიანისთვის დაუწესა და პარალელურად ამ ზიანის გამოსასწორებლად დაუნიშნა სახელმწიფო მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი.

თუმცა თითქმის 10 წელია, გასული და ნიკოლოზ ჩიქოვანი ბერიკ კირთაძემ შეცვალა, გარემოსდაცვითი საკითხების გამოსწორების ნაცვლად კი, ჭიათურის სოფლები შველას ითხოვენ:  „წლებია, ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას – ხან პროტესტით, ხან საუბრით. თუ ასე გაგრძელდა, ამ სოფლისგან არაფერი დარჩება“, – ამბობს შუქრუთელი ჯემალ ცუცქირიძე.

სოფლის დაღმართზე ვეშვებით ტარიელ მიქაცაძესთან ერთად. ბოდიშს მიხდის, რომ მეტ ადამიანთან შეხვედრა და საუბარი ვერ მოხერხდა: „ვიცოდი, რომ შეშინებულები არიან ბიჭების დაჭერის მერე, მაგრამ მთლად ამასაც არ ველოდი“.

კარავთან ვბრუნდებით და ვემშვიდობებით.

კიდევ ერთხელ ვავლებ იქაურობას თვალს. კარვის გვერდზე გაშლილ ბანერზე პატიმარი ბიჭების სახელებია; ბანერის კუთხეში უკვე ფერი აქვს გადასული სიტყვას და ახლოს მიწევს მისვლა, რომ გავარჩიო, რა წერია.

„არ ვიცი, რა გვაკლია. მგონი თანადგომა, თორემ ყველამ იცის, რომ, რეალურად, პროტესტის გამო სჯიან ჩვენს ბიჭებს“, – მეუბნება ჭიათურიდან დაბრუნებულს თამრიკო, თენგო გველესიანის დედა და მახსენდება, რომ იქ, კარავთან ბანერზე სწორედ ამ სიტყვას ჰქონდა ფერი გადასული.