გლენ გულდის აპოკრიფები

დავით ბუხრიკიძე

ზუსტად 70 წლის წინათ, 1956 წლის მაისში, მუსიკის ისტორიაში ერთერთმა ყველაზე გამორჩეულმა პიანისტმა, გლენ გულდმა, იოჰან სებასტიან ბახისგოლდბერგვარიაციები“ (Die Goldberg-Variationen, BWV 988), მსოფლიოში უძველესი ამერიკული ხმის ჩამწერი ლეიბლის – Columbia Records-ის სტუდიაში ჩაწერა. ეს თითქოს რიგითი ამბავი კლასიკური მუსიკის სამყაროში მალევე დიდ მოვლენად იქცა. უკვე ორ წელიწადში ვინილის ფირფიტების გაყიდვამ მსოფლიოში ათეულ მილიონს გადააჭარბა, ხოლო კლასიკური მუსიკის უამრავმა მოყვარულმა გლენ გულდის სახელი და გვარი სწორედ ბახის ამ შესრულებით აღმოაჩინა. ტორონტოში დაბადებული უნიჭიერესი მუსიკოსი მაშინ 23 წლის იყო

1741 წელს, ლაიპციგში პირველად გამოიცა იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმობი კლავიშებიანი მუსიკალური ინსტრუმენტისათვის, სახელწოდებითგოლდბერგ ვარიაციები“. მუსიკის ისტორიკოსთა დიდი ნაწილის მტკიცებით, ეს უფრო კლავესინისთვის დაწერილი ნაწარმოებია, რომელიც შედგება მუსიკალური თემისა (სახელწოდებითარია“) და 30 ვარიაციისგან, რომელიც დღევანელი წარმოდგენითა და გაგებით სრულყოფილი საფორტეპიანო თუ ჯაზური იმპროვიზაციაა.

მუსიკის ისტორიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ კომპოზიტორს ნაწარმოები საქსონიის დედაქალაქ ლაიპციგში მცხოვრებმა გერმანული წეარმოშობის რუსმა დიპლომატმა და კომპოზიტორის მფარველმა, თავადმა ჰერმან კარლ ფონ კაიზერლინგმა დაუკვეთა. იგი უძილობით იტანჯებოდა და ისეთი მუსიკის მოსმენა სურდა, რომელიც ცოტათი მაინც დაეხმარებოდა. თუმცა თავად ნაწარმოების სახელწოდება უკავშირდება კაიზერლინგის პირადი მუსიკოსისა და კლავესინზე შემსრულებელის, იოჰან გოტლიბ გოლდბერგის სახელს, რომელიც ბახის მოწაფე იყო და ყოველ საღამოს თავადის საძინებელ ოთახში, კლავესინზე, სწორედგოლდბერგვარიაციებსუკრავდასხვათა შორის, დღეს დასავლეთის ზოგიერთ კლინიკაში ამ მუსიკით ნევროზებსაც მკურნალობენ.

უნდა გაგაფრთხილოთ, რომ რასაც ახლა მოისმენთ, სრულიად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც კი ოდესმე ბახის დაკვრისას მოგისმენიათ, ან შეგეძლოთ წარმოგედგინათ.“ – აღნიშნავდა მეოცე საუკუნის ერთერთ უდიდესი დირიჟორი, ლეონარდ ბერნსტაინი ამ შესრულების შესახებ. და აი, გავიდა 70 წელი და ეს უპრეცედენტო ჩანაწერი, გულდის ეს ინტერპრეტაცია ისევ ვნებათაღელვისა და განხილვის საგანია.

გოლდბერგვარიაციებისადა ზოგადად, ბახის მუსიკის შესრულების შემდეგ, გლენ გულდი რეალურად იქცა ენიგმატურ მუსიკოსად; ადამიანად, რომელიც შეგნებულად არღვევდა აკადემიური მუსიკის ყველა წესს  და ამავდროულად, კერპად ქცევის მიზეზებს სამყაროს თავადვე აძლევდა.

ფორტეპიანოსთან ის 35 სანტიმეტრის სიმაღლის ძველ, თითქმის გატეხილ სკამზე ჯდებოდა, რომელსაც ყველგან დაატარებდა. კლავიატურას ისე მოხრილი ეხებოდა, თითქოს ინსტრუმენტთან სიმბოლური შერწყმა სურდა. შესრულებისას ზოგჯერ  ჩუმად ბუტბუტებდა, ზოგჯერ საკმაოდ ხმამაღლაც, რითაც ჩამწერი სტუდიის ხმის ინჟინრებსა და მუსიკის კრიტიკოსებს სასოწარკვეთილებაში აგდებდა. გულდი ძალიან იშვიათად მართავდა კონცერტებს, სძულდა საჯაროობა და ცოცხალი შესრულების ნაცვლად უპირატესობას ჩანაწერებს ანიჭებდა. რაც მთავარია, მუსიკას სრულიად განსხვავებულად ისმენდა, აღიქვამდა და ასრულებდა.

კლასიკური მუსიკის ოპუსებში, სადაც პიანისტები ხშირად ქედმაღლურ დიდებულებასა და რომანტიკულ პათოსს ეძებდნენ, გულდმა ხმის კრისტალური არქიტექტურა, განსხვავებული მუსიკალური აზროვნება და პოლიფონიური გეომეტრიის ხიბლი აღმოაჩინა. ის არასოდეს ამკობდა ბახის მუსიკას ზედმეტი ბაროკალური ჩუქურთმებით, ან ეფექტურად ნაქარგი ემოციებით. არ ამშვენებდა მას ზედმეტი განცდებით, პირიქით, თითქოს ატომებად ხლეჩა, ანაწევრებდა ტაქტებს და მსმენელის წინაშე თითქოს ხელახლა ქმნიდა მუსიკას, რომელიც მსმენელს იმ წუთებში შექმნილი ეგონა.

ზოგისთვის ეს გენიალურობამდე აყვანილ ინტერპრეტაციას ნიშნავდა, ზოგისთვის კი მხოლოდ ერესს, ან ბახისსახარებისთემაზე შემნილ აპოკრიფებს. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც კლასიკური მუსიკა სიგიჟემდე უყვარდათ, არასდროს ყოფილან მისადმი გულგრილნი.

კარნეგი ჰოლშიმისი რამდენიმე გამოსვლა მუსიკალურ სკანდალზე მეტი იყო, რადგან ორი განსხვავებული სამყაროს შეჯახების სიმბოლოდ იქცა  მემკვიდრეობით გამყარებულ ტრადიციასა და აბსოლუტურ შემოქმედებით თავისუფლებას შორის. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც იზიდავდა და იზიდავს დღემდე ადამიანებს გლენ გულდის სახელი ასე მაგნიტურად. ნამდვილი გენიოსები ხომ იშვიათად ჯდებიან რაიმე ჩარჩოში.

ისინი არ იბადებიან და არ ქმნიან იმისთვის, რომ ვინმეს მოსწონდეთ; ისინი არსებობენ იმიტომ, რომ შეცვალონ წარმოსახვაში დალექილი რიგიდული წარმოდგენები; როგორც სახარების სიმყარეს სახიფათოდ, მაგრამ მომნუსხავი სირბილით ცვლიან აპოკრიფების თავხედი ავტორები