საარჩევნო კამპანია, როგორც ქვეყანას მოდებული ვირუსი

პუბლიკა

ავტორი: თამარ ილურიძე

პიტერ მადიარის სტრატეგია 2026 წლის არჩევნებში, რომელსაც ხშირად ადარებენ ვირუსულ ან ბაქტერიულ გავრცელებას, იყო რევოლუციური მიდგომა უნგრეთის პოლიტიკურ რეალობაში. ეს ანალოგია კარგად ხსნის იმას, თუ როგორ მოახერხა მისმა პარტიამ, „ტისამ“ (Tisza), ორბანის მიერ კონტროლირებადი მედიაგარემოს გარღვევა და 53%-იანი გამარჯვების მოპოვება.

ჯერ ვნახოთ, რას გულისხმობს  „ბიოლოგიური“ მიდგომა.

ვირუსული გავრცელება: „საინფორმაციო ბლოკადის“ გარღვევა

ვინაიდან სახელმწიფო ტელევიზია და რადიო, ბევრი სხვა მედიაც მადიარისთვის დახურული იყო, მან გამოიყენა ვირუსის პრინციპი:

  • პირდაპირი კონტაქტი: ინფორმაცია ვრცელდებოდა არა ცენტრალური არხებით, არამედ ადამიანიდან ადამიანზე, ზეპირი გადადებით.
  • მადიარი მოუწოდებდა მხარდამჭერებს, რომ მისი ვიდეოები ტელეფონით ეჩვენებინათ უფროსი თაობისთვის სოფლებში.
  • სოციალური მედია, როგორც „ინფექციის წყარო“: Facebook-სა და TikTok-ზე მისი ლაივ-ჩართვები იმდენად მაღალი ინტერაქციის იყო, რომ ალგორითმები მათ თავისით ავრცელებდნენ. ეს იყო „ციფრული ვირუსი“, რომლის შეჩერებაც ცენზურით შეუძლებელი აღმოჩნდა.

ბაქტერიული „ინფილტრაცია“ სოფლებში

ბაქტერიების მსგავსად, რომლებიც ახალ გარემოში მკვიდრდებიან და მრავლდებიან, მადიარის კამპანია ფოკუსირებული იყო სოფლებსა და პატარა ქალაქებზე:

  • ის დადიოდა ისეთ დასახლებებშიც კი, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წლებია ფეხი არ დაუდგამს.
  • იქ ის ქმნიდა მცირე, ავტონომიურ „უჯრედებს“ (Cells). ეს ადგილობრივი ჯგუფები თავად იღებდნენ პასუხისმგებლობას კამპანიაზე, რაც სისტემას მათ წინააღმდეგ ბრძოლას ურთულებდა – შეუძლებელია ებრძოლო ათასობით დამოუკიდებელ პატარა კერას.

„იმუნიზაცია“ პროპაგანდის წინააღმდეგ

ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ამომრჩევლის „ვაქცინაცია“ სამთავრობო ტყუილებისგან:

  • მადიარი წინასწარ აფრთხილებდა ხალხს: „ხვალ ისინი ჩემზე ამ ტყუილს იტყვიან, ზეგ ამ ვიდეოს გამოაქვეყნებენ, მე დამაბრალებენ ბრიუსელის აგენტობას“.
  • როდესაც პროპაგანდა რეალურად იწყებოდა, ხალხს უკვე ჰქონდა გამომუშავებული „ანტისხეულები“ – მათ აღარ სჯეროდათ სამთავრობო მედიის და პირიქით, დასცინოდნენ კიდეც მას.

4. ორგანიზაციული ჰიბრიდულობა

პოლიტოლოგები „ორგანიზაციულ ჰიბრიდულობას“. უწოდებენ მოდელს, სადაც

  • არსებობს ძლიერი ცენტრალური ლიდერი (მადიარი).
  • მაგრამ კამპანიის ძალა მოდის ქვემოდან, თვითორგანიზებული ჯგუფებიდან, რომლებიც ბიოლოგიური ქსელივით მოიცავენ მთელ ქვეყანას.

13 აპრილს ამ „ბიოლოგიურმა“ სტრატეგიამ დაამარცხა ორბანის „ფიდესის“ იერარქიული, ზემოდან ქვემოთ მართული მანქანა. მადიარმა შექმნა მოძრაობა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური პარტია, არამედ ცოცხალი ორგანიზმივით მოქმედებდა, რომელიც მუდმივად იზრდებოდა და ადაპტირდებოდა გარემოსთან.

ახლა ვნახოთ ვირუსებად გავრცელებული თემები და კომუნიკაციის წყაროები:

იდეოლოგიის ნაცვლად მაცივარი

მადიარმა უარი თქვა აბსტრაქტულ დებატებზე „ლიბერალიზმსა“ და „კონსერვატიზმე“. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებდა:

კორუფცია: „უნგრეთი მდიდარია, მას უბრალოდ ჰპარავენ“. მან კორუფცია პირდაპირ დაუკავშირა დანგრეულ საავადმყოფოებსა და დაბალ პენსიებს. ამით მმართველ პარტიას დღის წესრიგი დაუდგინა, რის შედეგად ორბანი და მისი გუნდი თავის მართლების რეჟიმში აღმოჩნდა.  

ეკონომიკა: მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ნაცვლად, ის საუბრობდა პურის, რძისა და ხორცის ფასებზე. 

მან ორბანს წაართვა მისი საყვარელი თემები: შიში და „კულტურული ომი“

მიგრაცია: მადიარმა არ მოითხოვა „ღია კარები“. პირიქით, მან ორბანი ამხილა თვალთმაქცობაში: რატომ შემოჰყავს მთავრობას აზიიდან ათიათასობით იაფი მუშა, როცა  მიგრაციას ებრძვის? მან თემა გადაიტანა უსაფრთხოებასა და შრომის ბაზარზე და მთავრობის პოლიტიკის მოჩვენებითობაზე.

LGBTQ+ თემა: მადიარმა უარი თქვა ამ თემის პოლიტიზებაზე. მისი პოზიცია იყო: „ეს პირადი ცხოვრებაა და არა პოლიტიკური იარაღი“. მან განაცხადა, რომ სახელმწიფოს საქმე არა ადამიანების საძინებლებში შეხედვა, არამედ გამართული სკოლებისა და საავადმყოფოების უზრუნველყოფაა. ამით მან პროპაგანდას ნიადაგი გამოაცალა. ის არ მისულა არც უნგრეთში გამართულ ყველაზე დიდ პრაიდზე. 

კომუნიკაცია ამომრჩელეთან

მან დაანგრია ბარიერი პოლიტიკოსსა და ხალხს შორის: სანამ ორბანი დაცვით გარშემორტყმულ დარბაზებში საუბრობდა, მადიარი სოფლის მოედნებზე საათობით უსმენდა ადამიანებს და მათთან ფოტოებს იღებდა. მათ შორის საარჩევნო კამპანიის დაწყების პირველსავე დღეს სოფელ კოტჩეში, სადაც როგორც წესი, ორბანი აქამდეც ყველა თავის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებდა. 

2025 წლის 6 სექტემბერი იქნებოდა ჩვეულებრივი დღე, რომელსაც ხელისუფლების კონტროლირებული მედია დღესასწაულად გამოაცხადებდა, რომ არა იმავე დროს მადიარის ამავე სოფელში გამოჩენა და საპარლამენტო არჩევნებისთვის კამპანიის საზეიმოდ გახსნა. სანამ ორბანი დარბაზში იჯდა და საუბრობდა, მადიარი ადგილობრივებს რამდენიმე ასეულ მეტრში გმირთა მოედანზე ღია ცის ქვეშ ორბანისა და მისი გარემოცვის გასამართლებას პირდებოდა.  

თუკი წინა ოპოზიციური ალიანსები ძირითადად „ბუდაპეშტის ბაბლში‘‘ რჩებოდნენ, დღეში საშუალოდ 5-10 სხვადასხვა ადგილზე სტუმრობით, მან უნგრეთის ცხრამეტივე საგრაფო მოიარა. ის გამიზნულად არჩევდა ოლქებს, სადაც ორბანსა და მის პარტიას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავდა. 

ორბანის ამომრჩევლის მისკენ გადაბირებაში დიდი როლი მადიარის შემრიგებლურმა და გამგებმა სტრატეგიამ ითამაშა. მას ორბანის ამომრჩეველი არასდროს გაუკრიტიკებია – ორბანის ამომრჩევლებს ეპყრობოდა არა როგორც მტრებს, არამედ როგორც ცუდი მმართველობის მსხვერპლებს. 

„ფიდეზის“ ამომრჩეველს ესაუბრებოდა, როგორც იმედგაცრუებულ მოქალაქეებს, რომლებსაც რეალური ცვლილებები სჭირდებათ. სამაგიეროდ, მისი თავდასხმის სამიზნე იყო ორბანი და მასთან დაახლოებული ფართო წრე. გამოსვლებში ის იმეორებდა რომ უნგრეთს თავს დატეხილი უბედურება მხოლოდ 3000 ადამიანის დამსახურებაა, რის გამოც ისინი მკაცრად დაისჯებიან.

პიტერ მადიარამდე უნგრელი პოლიტიკოსები ამომრჩევლებთან ხისტი და იდეოლოგიური, დამრიგებლური ტონით საუბროდნენ. მადიარმა კი მარტივი, პირდაპირი, ყველასთვის გასაგები ლექსიკა და ემოციური ჟესტიკულაცია აირჩია. მისმა სტრატეგიამ, თავი „სახალხო კაცად“ წარმოედგინა, როგორც მოსალოდნელი იყო, გაამართლა და ამომრჩეველსა და მას შორის დისტანცია შეამცირა.

ტრადიციული და სოციალური მედია

პიტერ მადიარისა და მისი გუნდის ურთიერთობა მედიასთან მათი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გააზრებული და სტრატეგიული ნაწილი იყო. მათ კამპანიის ბოლო დღემდე სრული ბოიკოტი გამოუცხადეს ყველა სამთავრობო და ვიქტორ ორბანთან დაახლოებულ მედიას, რადგან მათ არა ჟურნალისტიკის ნაწილად, არამედ მხოლოდ „პროპაგანდის იარაღად“ მიიჩნევდნენ და ყოველგვარ ინტერვიურვიუსა და დებატებზე უარი თქვეს.

მადიარი რეგულარულად, თუმცა დიდი სიფრთხილით არჩევდა დამოუკიდებელ უნგრულ მედიებს ინტერვიუებისთვის, რადგან ის გაურბოდა დამონტაჟებულ და „მოჭრილ“ მასალებს და უპირატესობას ყოველთვის პირდაპირ ეთერს ანიჭებდა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა ხალხს ყოველგვარი შუამავლების გარეშე, Facebook-ისა და Youtube-ის ლაივების მეშვეობით დალაპარაკებოდა, რაც მისი ცნობილი „ვირუსული სტრატეგიის“ უმნიშვნელოვანესი საყრდენი გახდა. საბოლოო გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ამ სისტემურობამ ითამაშა: ამომრჩეველთან მუდმივმა, უწყვეტმა კავშირმა და იმ ფაქტმა, რომ კამპანიის განმავლობაში მათ არც ერთი დღე არ ჩაუგდია. 

როგორ „გატეხა“ ომის ნარატივი?

ვიქტორ ორბანი ხალხს აშინებდა: „ან მე და მშვიდობა, ან ოპოზიცია და ომი“. მადიარმა ამას ორი მარტივი ნაბიჯით უპასუხა:

შიშის შეცვლა რეალობით: ის ამბობდა,  რომ ხალხს არა შორეული ომის, არამედ ქვეყნის შიგნით არსებული კორუფციის უნდა ეშინოდეს, რომელიც საავადმყოფოებსა და სკოლებს ანადგურებს.

ნამდვილი საფრთხის ჩვენება: მადიარი ამტკიცებდა, რომ უნგრეთისთვის ნამდვილი საფრთხე არა უკრაინაში ბრძოლა, არამედ ევროპისგან იზოლაცია და მარტო დარჩენაა. იმისათვის, რომ კონსერვატორი ამომრჩეველი არ დაეფრთხო, მადიარი  დასავლეთს, როგორც ფარს იხსენიებდა და იმეორებდა, რომ უნგრეთს მხოლოდ ნატო და ევროკავშირი დაიცავს და არა მოსკოვთან „მეგობრობა“. მისი გუნდი კი ასევე მისი ფრაზაა: „მეც მშვიდობა მინდა, მაგრამ არა დაჩოქებული და სუსტი უნგრეთის ხარჯზე“.

„ინსაიდერული“ სანდოობა ანუ „სისტემის შიგნიდან” სანდოობის უპირატესობა

მადიარი არ იყო კლასიკური ოპოზიციონერი, რომელიც წარუმატებლობებს განიცდიდა. მისი და მისი თანაგუნდელების გარშემო გავრცელებული სკანდალების მიუხედავად, ის არასდროს წარმოჩენილა მსხვერპლის როლში. ის არც მაშინ იმართლებდა თავს, როცა ორბანი მოღალატეს ეძახდა.  

თავად წლების განმავლობაში ორბანის სისტემის ნაწილი იყო და როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრის, იუდიტ ვარგას ყოფილმა მეუღლემ, ზედმიწევნით იცოდა „ფიდესის“ ძალაუფლების სტრუქტურის შიდა მექანიზმები. შესაბამისად, იმედგაცრუებული „ფიდესის“ ამომრჩევლისთვის ის არ აღქმულა როგორც „მემარცხენე საფრთხე“, არამედ გამოჩნდა, როგორც კონსერვატორი რეფორმატორი, რომელმაც შიგნიდან გამოტანილი ინფორმაციით ზუსტად იცოდა, რაზე საუბრობდა, როდესაც კორუფციასა და ნეპოტიზმს აკრიტიკებდა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამოჩნდა, რომ მადიარმა და მისი სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდმა პოზიტიური, ენერგიული და ამომრჩელეთან უშუალო კონტაქტით ის კონსერვატორი ამომრჩეველიც გადმოიბირა, რომლებმაც ორბანის მიმართ ნდობა დაკარგეს, მაგრამ არ სურდათ მემარცხენე-ლიბერალური იდეოლოგიის მიღება. ამიტომ მან ამ ამომრჩეველს იდეოლოგიის ნაცვლად კომპეტენცია და ეკონომიკურად ძლიერი უნგრეთი შესთავაზა.