ირანელი აქტივისტი ჰყვება, რომ მოტყუებით გადაიყვანეს საზღვარზე და აღარ შემოუშვეს

პუბლიკა

ირანელი აქტივისტი ჰადი როსთამი, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, „პუბლიკას“ უყვება, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოტყუებით გადაიყვანეს, რის შემდეგაც ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.

როგორც ირკვევა, ჰადი როსთამი ბინადრობის ვადის ამოწურვის გამო დააკავეს და გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში. შემდგომ გაიმართა პროცესი, რომელზეც ქვეყნიდან მისი გაშვების შესახებ ადვოკატის გარეშე იმსჯელეს. ადვოკატი არც საემიგრაციო დეპარტამენტის იზოლატორში შეუშვეს.

ჰადი როსთამის ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, საემიგრაციო სამსახურს არ სურდა, ადვოკატს ქვეყნის შიგნით არსებული ის სამართლებრივი ინსტრუმენტები გამოეყენებინა, რომლებიც საქართველოში მის დარჩენას შესაძლებელს გახდიდა. სწორედ ამიტომ ადვოკატთან კონსულტაციის გარეშე, მოტყუებით გადაიყვანეს საზღვარზე და ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.

„პუბლიკა“ ჰადი როსთამს ერევანში ესაუბრა. მან დეტალურად გაიხსენა ის გზა, რომელიც დაკავებიდან საქართველოდან გაშვებამდე გაიარა. 

ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ირანელმა აქტივისტებმა 4 ივნისს გაავრცელეს. მათ პარლამენტის წინ აქცია გამართეს და ჰადი როსთამის გათავისუფლება მოითხოვეს, ვინაიდან, მათი მტკიცებით, ირანში დეპორტაციის შემთხვევაში როსთამის სიკვდილით დასჯა ემუქრება.

აქტივისტების განცხადებით, როსთამი ირანში არსებულ 400-კაციან „შავ სიაშია“ შეყვანილი, რის გამოც მისი სამშობლოში დაბრუნება სიცოცხლისთვის უდიდეს საფრთხეს შეიცავს.

ჰადი როსთამი სიცრუეს უწოდებს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 5 ივნისს, საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შემდეგ, ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.

მან „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 27 მაისს დააკავეს და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მისივე თქმით, იზოლატორში ყოფნისას არაერთხელ მოითხოვა ქეისმენეჯერსა* და ადვოკატთან შეხვედრა, მაგრამ პასუხად მხოლოდ შეურაცხყოფას, დაცინვასა და მუქარას იღებდა.

„შენ წახვალ ირანში, შენი დედაც…“ — იხსენებს ჰადი და ცრემლებს ვერ იკავებს.

(*ქეისმენეჯერი (Case Manager) არის პირი, რომელიც მიგრანტების კონკრეტულ საქმეს კურირებს და წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო პირს უწყებაში. მისი მოვალეობაა საქმის კოორდინაცია, დოკუმენტების მართვა, ინფორმაციის შეგროვება, სხვადასხვა სამსახურთან კომუნიკაცია და პროცესის მონიტორინგი).

ჰადი როსთამის თქმით, დროებითი განთავსების ცენტრში არაადამიანური და გაუსაძლისი პირობებია, სხვა დაკავებულებს კი ასეთ პირობებში გაცილებით დიდხანს უწევთ ყოფნა.

„საჭმელი კი არა, ნაგავი იყო, რომელსაც ძაღლიც არ შეჭამდა“, — ამბობს ის. 

როსთამი დასძენს, რომ მას გაუმართლა, რადგან პასპორტი ჰქონდა – ვისაც საბუთები არ აქვს, მუდმივად ირანში იძულებითი გაგზავნის შიშის ქვეშ ცხოვრობს. ამბობს, რომ მხოლოდ ერთ საკანში 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 3 – ირანის მოქალაქე.

ჰადიმ გაიხსენა სასამართლო პროცესის დღეც. მისი თქმით, იზოლატორიდან რამდენიმე მიგრანტის ეტაპირებისას უწყების ავტომობილი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა შუშა, რომელსაც თავად ეყრდნობოდა.

„ერთ-ერთ მიგრანტს ხელიც კი გაეჭრა“, თუმცა, როგორც ჰადი ამბობს, მოთხოვნის მიუხედავად, არც წყალი და ტკივილგამაყუჩებელი არ მიუციათ და არც ექიმი მიუყვანიათ.

„მეუბნებოდნენ, აფერისტობო. მტკიოდა კისერი, ხელი და გვერდი, მაგრამ არ აინტერესებდათ. მოგვიანებით, როცა საიმიგრაციო სამსახურში დამაბრუნეს, ყურზე სისხლიც შევამჩნიე და ექიმს შემახვედრეს, მაგრამ იქაც მიგრაციის პოლიცია ირონიულად მელაპარაკებოდა, აფერისტობსო“, – ამბობს ის.

როსთამის ინფორმაციით, ამავე იზოლატორში სხვა მიგრანტების ქეისმენეჯერები კი მიდიოდნენ, მაგრამ მისი მოსმენა არავის სურდა; პირიქით, ირანში დეპორტაციით ემუქრებოდნენ.

პატიმრობის ბოლო დღეს ჰადიმ იცოდა, რომ მასთან ადვოკატი მივიდა, მაგრამ მასთან გასაუბრების საშუალება აღარ მისცეს. ამ ინფორმაციას „პუბლიკას“ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი ნატი გელოვანიც უდასტურებს.

ადვოკატის მონათხრობიდან ირკვევა, რომ ინფორმაციის მიღებიდან მეორე დღესვე სცადა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შესვლა, თუმცა საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ უწყებაში განუცხადეს, რომ აღნიშნული პირი იზოლატორში არ იმყოფებოდა.

ჰადი იხსენებს, რომ ადვოკატი არც სასამართლო პროცესს დასწრებია. სხდომაზე მხოლოდ თარჯიმანი იმყოფებოდა, რომელიც უხსნიდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვე ჰქონდა და ამ პერიოდის განმავლობაში შეეძლო, დროებითი განთავსების ცენტრში დარჩენილიყო.

როსთამი ფიქრობდა, რომ ბინადრობის უფლების ვადის ამოწურვის შემდეგ ირანში დაბრუნდებოდა, რადგან იცოდა, საქართველოს ხელისუფლება ბინადრობის უფლებას აღარ გაუხანგრძლივებდა, თუმცა ირანის ომი მისთვის დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდა და საქართველოში დარჩა.

მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორში ყოფნის ბოლო დღეს მას ეუბნებოდნენ, რომ სომხეთში ან თურქეთში უნდა წასულიყო, თუმცა როსთამის სხვა ქვეყანაში გადასვლის ეშინოდა, იცოდა სხვა ირანელების შესახებ, რომლებიც თურქეთიდან ირანში წაიყვანეს. მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი განუწყვეტლივ ეკითხებოდა, ირანში უნდოდა წასვლა თუ ერევანში.

*ჰადი როსთამმა დაგვიდასტურა ინფორმაცია 400-კაციან შავ სიაზე და მედიაში არსებულ წყაროებზე მიუთითა. ეს სია ეფუძნება ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებას , რომლის მიხედვითაც, სასამართლო სისტემამ ემიგრაციაში მყოფ 400-ზე მეტ ჟურნალისტს, აქტივისტს, ხელოვანსა და სპორტსმენს ქონება დაუყადაღა და საბანკო ანგარიშები დაუბლოკა. ირანის ხელისუფლება მათ „მტრულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობასა“ და „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებს. 

5 ივნისს უწყების თანამშრომელმა ჰადის უთხრა, რომ სადახლოს გამშვებ პუნქტზე გადაიყვანდნენ, საზღვარს გადაკვეთდა, პასპორტში ბეჭედს ჩაურტყამდნენ და უკანვე შემოუშვებდნენ. მას დაჰპირდნენ, რომ თბილისში დააბრუნებდნენ და 45 დღე ექნებოდა ადვოკატთან კონსულტაციისთვის, ვიზის გასაფორმებლად და სხვა ქვეყნის ასარჩევად. 

ჰადი იხსნებს, რომ მიგრაციის სამსახურის თანამშრომელმა ეს პირობა ორჯერ გაუმეორა და დედაც კი დაიფიცა. უთქვამს, რომ ჯარიმის გადაუხდელობა პრობლემაც არ იქნებოდა, თავადვე მოაგვარებდა და მესაზღვრეებიც გაფრთხილებულები იქნებოდნენ. ასევე დაარიგა, არ ეთქვა, რომ მიგრანტი იყო, არამედ, თითქოს ტურისტული მიზნით გადადიოდა.

ჰადი როსთამი იხსენებს, რომ როცა საზღვარზე გადავიდა და პასპორტში ბეჭედი ჩაარტყმევინა, უკან მობრუნებულს სხვა პოლიციელი დახვდა, რომელმაც უთხრა: „სად მოდიხარ? მორჩა საქართველო. წადი რა“.

ის თანამშრომელი კი, რომელიც 15 წუთში უკან დაბრუნებას ჰპირდებოდა, როსთამის თქმით, მასთან მივიდა და უთხრა: „დებილი ხარ? ხომ გითხარი, ორი კვირა ერევანში უნდა დარჩეო“.

„შევახსენე, რომ მითხრა, მხოლოდ 15 წუთით გადავსულიყავი და მერე დავბრუნებულიყავი. მაგრამ ისევ შეურაცხყოფაზე გადავიდა“, – ამბობს ის.

ამის შემდეგ ჰადიმ სადახლოდან ერევნამდე გზა შემთხვევით შეხვედრილი ირანელების დახმარებით გაიარა, რომლებმაც ის ქალაქთან ახლოს ჩამოსვეს და ტაქსის ფული დაუტოვეს, თუმცა თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტა.

მოგვიანებით ადგილობრივმა პოლიციამ შეაჩერა, მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსით ერევნამდე მგზავრობაში დაეხმარნენ.

ადვოკატმა ნატი გელოვანმა „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო ჰადი როსთამის საზღვარზე გადაყვანის კონკრეტული დეტალები, თუმცა მისი ბენეფიციარების უმეტესობა მსგავს მავნე პრაქტიკაზე ხშირად საუბრობს:

„სტანდარტული ტყუილია. ეუბნებიან, რომ შენ ამ წუთას ხარ უკანონოდ, გადადი და კანონიერად რომ შემოხვალ, თავიდან აგეთვლბა ყოფნის ვადები, თავიდან იქნები კანონიერად და თავიდან გაივლი პროცედურებს – რაზეც უმეტესობა თანხმდება, თუმცა რეალურად უკან აღარ უშვებენ. 

ჩემთვის არ იყო ცნობილი [ჰადი როსთამიც ასე მოტყუებით გადაიყვანეს], სხვა ბენეფიციარებისგან ვიცი, რომ პრაქტიკაში ასე ხდება“, – ამბობს ნატი გელოვანი.

როგორც ადვოკატი ფიქრობს, ირანის მოქალაქეს იმიტომ არ შეახვედრეს, რომ მისთვის არ გაეცნო უფლებები, რომელთა მიხედვითაც, ირანის მოქალაქეს საქართველოში დარჩენის სამართლებრივი ბერკეტი ექნებოდა.

„ამ საქმეში პრობლემა ის იყო, ჩემთვის ნახვის შესაძლებლობა რომ მოეცათ, მას ჰქონდა სამართლებრივი ბერკეტი, გაძევების გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღეში გაგვესაჩივრებინა პირველი ინსტაციის სასამართლოში, შემდეგ კი – მეორე ინსტაციაში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გაძევების გადაწყვეტილების მიღებამდე, მას საქართველოში ყოფნის უფლება ჰქონდა, ვერ გააძევებდნენ.

ძირითად შემთხვევაში ეს პერიოდი რამდენიმე კვირა ან თვე გრძელდება. ალბათ, უფრო მაგიტომაც არ შედგა შეხვედრა, ეს უფლებები მისთვის რომ არ განმემარტა და მას არ ესარგებლა ამ უფლებებით“, – ამბობს ადვოკატი.

რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო

„პუბლიკა“ ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყება ადასტურებს, რომ ეტაპირების მანქანა ნამდვილად მოჰყვა ავარიაში, მათივე განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს უწყების მძღოლის ბრალეულობა არ გამოკვეთილა – შეჯახების დროს ადგილზევე გამოიკითხა ყველა და არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის პირობებს, როგორც უწყება ამბობს, დღიური ნორმის შესაბამისად, სამჯერადი კვებაა და მიგრანტები კარგ პირობებში არიან.

ადვოკატის შესახებ შსს ამბობს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მისი მისვლისას, ჰადი როსთამი უკვე წაყვანილი იყო სომხეთში, თუმცა ჰადი როსთამმა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნისას ისარგებლა როგორც ვიზიტორთა შეხვედრით, ასევე, ამანათის მიღებითა და ზარის უფლებით რამდენჯერმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს იმასაც, რომ სომხეთში წასვლა თავად ჰადი როსთამის არჩევანი იყო და მოტყუებით გადაყვანაზე, როგორც არსებულ მავნე პრაქტიკაზეც, საუბარი უადგილოა.