რუსეთი აღშფოთებულია ერევანში ევროპულ სამიტზე ზელენსკის განცხადებების გამო

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

მოსკოვმა აღშფოთება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე გაკეთებული განცხადებების გამო, რასაც ფონად სდევს სომხეთსა და რუსეთს შორის განახლებული დიპლომატიური დაძაბულობა.

7 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი რუსეთში, გურგენ არსენიანი დაიბარა იმის გამო, რომ ზენესკიმ, როგორც რუსეთი ამბობს, „რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული მუქარები გააჟღერა“.

შეხვედრის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებების გასაკეთებლად სომხეთის გამოყენება „კატეგორიულად მიუღებელია“:

„ხაზი გაესვა იმას, რომ მოსკოვი სამართლიანად არის აღშფოთებული და მიიჩნევს, რომ ერევნის მხრიდან სტუმრის ამგვარი აღმაშფოთებელი ქცევის სათანადო ნეგატიური შეფასების გარეშე დატოვება შეუსაბამოა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების პარტნიორულ ხასიათთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

EPC-ის სამიტზე ზელენსკიმ ახსენა მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილი „გამარჯვების დღის“ აღლუმი – ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების ნიშნად ტარდება და ხაზი გაუსვა, რომ ის „მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში“ პირველად ჩატარდებოდა სამხედრო ტექნიკის გარეშე.

„მათ არ შეუძლიათ, თავს სამხედრო ტექნიკის გამოყენების უფლება მისცენ და ეშინიათ, რომ წითელ მოედანზე დრონებმა არ გადაიფრინონ. ეს ბევრის მთქმელია. ეს აჩვენებს, რომ ისინი ახლა ძლიერები არ არიან“,  – განაცხადა ზელენსკიმ.

ამ განცხადებების შემდეგ მოსკოვმა გააფრთხილა რუსეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა  „თავის კრიმინალურ ტერორისტულ გეგმებს გამარჯვების დღის დღესასწაულზე განახორციელებს, რუსეთის მხრიდან „გარდაუვალი საპასუხო დარტყმის“ გამო, „უზრუნველყონ  კიევიდან დროული ევაკუაცია“.

სომხეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, მანამდე, 7 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერევნის პოზიცია, რომ „უკრაინის საკითხში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის“.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება 9 მაისის აღლუმს. მიზეზად მან 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების კამპანია დაასახელა.

ზელენსკის ვიზიტს და მოსკოვის შემდგომ რეაქციას შიდაპოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა.

პრორუსმა სომეხმა მაგნატმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სამველ კარაპეტიანმა, რომლის ალიანსიც არჩევნებში ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ მთავარ მეტოქედ მოიაზრება, ზელენსკის EPC-ზე დასწრებას უწოდა „ხელისუფლების სისულელე საკუთარი მოკავშირის მიმართ“. მან დასძინა, რომ ეს იყო სომხეთის „ღალატის“ მაგალითი, რომელსაც ამ ვიზიტით არაფერი მოუგიათ.

„ევროპელებმა ზელენსკი ჩამოიყვანეს, რათა ფაშინიანს მისთვის ჩაეტარებინა მასტერკლასი, როგორ უნდა დათმო გაბედულად საკუთარი ტერიტორიები“, – განაცხადა კარაპეტიანმა. მან ასევე დასძინა, რომ „ფაშინიანს ევროპელებისთვის მისაყიდი დარჩა მხოლოდ ერთი რამ – ანტირუსული პოლიტიკა, რომელსაც ევროპელები მისგან სიამოვნებით იყიდიან“.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობა გასულ ერთ თვეში, 1 აპრილს მოსკოვში ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამძაფრდა.

შეხვედრის დასრულებისთანავე რუსეთმა გამოაცხადა „გამკაცრებული მოთხოვნები“ სომხური პროდუქციის იმპორტზე და სომხეთი ეკონომიკური კავშირების შესაძლო რესტრუქტურიზაციის შესახებ გააფრთხილა. ამას მოჰყვა შეზღუდვები რუსეთში გაყიდულ სომხურ საქონელზე, მათ შორის აკრძალვა, რომელიც შეეხო დაახლოებით 1.4 მილიონ ბოთლ მინერალურ წყალ „ჯეიმუკს“.

„ინტრუზიული აქტივობა“ და „წმინდა შური“

ერევანში ზელენსკის განცხადებების კრიტიკის გარდა, რუსეთმა ევროკავშირი სომხეთის არჩევნებში „ინტრუზიულ (ჩამრევ) აქტივობაშიც“ დაადანაშაულა. მოსკოვმა მიუთითა სომხეთში ევროკავშირის მიერ სწრაფი რეაგირების ჯგუფის განთავსებასა და ევროკავშირის ახალ მისიაზე, რომლის ამოცანაა ქვეყნის დახმარება ისეთ საფრთხეებთან გამკლავებაში, როგორებიცაა უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI), კიბერშეტევები და უკანონო ფინანსური ნაკადები.

სომხეთმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე დგას. ქვეყანას მანამდეც უთქვამს, რომ რუსული ტროლ-ქსელები, როგორებიცაა „მატრიოშკა“ და „შტორმი“ არჩევნების წინ სომხეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში იყვნენ ჩართული.

„ვიმედოვნებთ, სომხეთის ხელისუფლებას არ ავიწყდება, რომ ბრიუსელთან ყველაფერს თავისი ფასი აქვს. სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ დასავლეთთან ასეთი ფლირტი ჩართული სახელმწიფოებისთვის იშვიათად სრულდება კარგად – მაგალითად, ბრიუსელის ანტირუსულ დღის წესრიგთან შეერთებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყებამ.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა ერევანი „ორ სკამზე ჯდომის“ მცდელობის გამო გააფრთხილა.

„არ ვიცი, რამდენ ხანს შეძლებენ ამ პოზიციის შენარჩუნებას, მაგრამ ეს ყველაფერი ცალსახად საზიანოა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის, რომელიც ასე სასარგებლოა როგორც რუსეთისთვის, ისე სომხეთისთვის“, – განაცხადა უშაკოვმა.

განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამაც, რომლის თქმითაც, სომხეთი „სულ უფრო მეტად მიიწევს აგრესიული ევროატლანტიკური სტანდარტებისა და მექანიზმებისკენ, რომლებიც მისთვის უცხოა“.

„სომხეთის ხელისუფლების ეს კურსი ადრე თუ გვიან გამოიწვევს ერევნის შეუქცევად ჩართვას ბრიუსელის ანტირუსულ ხაზში, რაც ყველა თანმდევ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგს მოუტანს თავად ქვეყანას“, – თქვა მარია ზახაროვამ.

ასევე, მან სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ბელარუსის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო „წმინდა შურში“ დაადანაშაულა. სიმონიანმა თქვა, რომ „სომხეთი არ უნდა გახდეს პროვინცია და არ უნდა იმართებოდეს ისე, როგორც ბელარუსი“.

„ჩემი აზრით, სიმონიანს უბრალოდ შურს იმ შედეგების, რომლებსაც ბელარუსმა მიაღწია და რასაც მისმა ქვეყანამ მიმდინარე ხელმძღვანელობის პირობებში ვერ მიაღწია“, – განაცხადა ზახაროვამ.

სიმონიანის განცხადების საპასუხოდ, ბელარუსმა დაიბარა სომხეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული არტურ სარგსიანი ერევნის მხრიდან „არამეგობრული ქმედებების“ გამო.

მოგვიანებით, სიმონიანმა განაცხადა, რომ არ ნანობს თავის ნათქვამს და დასძინა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ „პირველ რიგში უნდა იფიქროს საკუთარ ქვეყანაზე, მის შიდა სტაბილურობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე, და ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იფიქროს კარტოფილის მოყვანის პროცესზე“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია წაიკითხეთ აქ.