ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში განახლებული დაძაბულობის ფონზე, რომელიც 1 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრას მოჰყვა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები „კონსტრუქციულ ტრანსფორმაციას“ განიცდის.
„მე ამ პროცესს დადებითად ვაფასებ“, – თქვა მან ხუთშაბათს, ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.
ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთი „არ გადაუხვევს მეგობრული დიალოგის ლოგიკას და გააგრძელებს ამ გზას“. მან ასევე დააანონსა, რომ ვლადიმირ პუტინს „ივნისის მეორე ნახევარში“ ისევ შეხვდება.
1 აპრილის შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი ვერ შეთანხმდნენ სომხეთის რკინიგზის მომავალზე, რომელსაც რუსეთი 2008 წელს ხელმოწერილი 30-წლიანი კონცესიის ხელშეკრულების ფარგლებში მართავს.
შეხვედრის შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ „არავითარი ობიექტური მიზეზი“ არ არსებობს საიმისოდ, რომ კონცესია მესამე მხარეს მიჰყიდონ.
თუმცა, სომხეთი ამტკიცებს, რომ რკინიგზის მართვა რუსეთის მიერ ნიშნავს „კონკურენტული უპირატესობის“ დაკარგვას ქვეყანაში საერთაშორისო მარშრუტების თვალსაზრისით. თებერვალში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელსაც „მეგობრული ურთიერთობა“ აქვს როგორც რუსეთთან, ისე სომხეთთან, შეუძლია, „შეისყიდოს რკინიგზის კონცესიის მართვის უფლება“. ამის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად მან ყაზახეთი დაასახელა.
ფაშინიანის თქმით, რკინიგზის საკითხი შესაძლოა, წამოჭრილიყო ხუთშაბათს ერევანში ყაზახეთსა და სომხეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, როცა სომხეთის დედაქალაქში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერმეკ კოშერბაევი და ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი ჩავიდნენ.
ამავდროულად, ნიკოლ ფაშინიანმა გააჟღერა სომხეთის სურვილი – „არაფერი გააკეთოს რუსეთის ზურგს უკან ან რუსეთის წინააღმდეგ“.
„ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, როდესაც დიალოგის შესაძლებლობები ღია და ფართოა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, – თქვა ფაშინიანმა.
ზღარბს მუქარა არ აშინებს
ხუთშაბათის ბრიფინგზე ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთისთვის რუსული გაზზე ფასის გაზრდის „არავითარი საფუძველი“ არ არსებობს და რომ სომხეთს რუსეთთან „გრძელვადიანი კონტრაქტები“ აქვს.
ფასის მომატების ვარაუდი 1 აპრილის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, როდესაც პუტინმა გაზის ფასებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ფასდაკლებას, რომელსაც სომხეთი რუსული ენერგორესურსების შეძენისას იღებს.
„ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს, რუსეთი კი სომხეთს 1000 კუბურ მეტრს 177.5 დოლარად აძლევს“, – თქვა პუტინმა.
თავის მხრივ, სომხეთი დაიმუქრა რუსეთის მიერ მართული ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა (EAEU) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) დატოვებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზის ფასს გაუზრდიდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასეთი ზრდა ნაკლებად სავარაუდოა.
წინა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას გაეცინა, როცა ჟურნალისტის შეკითხვის დასაწყისში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის სახელი გაიგონა – იმ ერთ-ერთი პოლიტიკოსის, რომელმაც ორგანიზაციებიდან გასვლის იდეა გააჟღერა.
ჟურნალისტმა მხოლოდ მისი დაწყნარების შემდეგ შეძლო შეკითხვის დასრულება და კომენტარის თხოვნა ერევნის მუქარაზე.
ზახაროვამ მეტაფორული პასუხი გასცა, რომ ეს მუქარები მას აგონებდა „ზღარბის შეშინებას შიშველი უკანალის ჩვენებით“ [რუსული იდიომი: напугал ежа голой жопой – „შევაშინე ზღარბი შიშველი უკანალით“].
ზახაროვას პასუხი გულისხმობდა, რომ ამ ეკლიანი ცხოველის (მეტაფორულად რუსეთის) ამ სახით დაშინება შეუძლებელია შიშველი უკანალის ჩვენებით, რადგან მას თავდაცვითი მექანიზმები აქვს.
ზახაროვამ ასევე თქვა, რომ არ აქვს სურვილი, „სერიოზული კომენტარი გააკეთოს ემოციური პოლიტიკოსების განცხადებებზე“. სანაცვლოდ მან ყურადღება გაზის ფასებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „სომხეთის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნვა“.
მან დასძინა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია გაზის ბაზარზე არსებული არეულობის ფონზე, რომელიც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმამ გამოიწვია.