ამომრჩეველთა 25%-ს წარმომადგენელი არ ეყოლებოდა, თუ 2020-ში პროპორციული არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა - ISFED

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით პარლამენტი მომდევნო ორი არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილების პროექტს, დარჩენილი ორი მოსმენით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღებს.

ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის არჩევნებისთვის მაღალი დონის ბარიერის გამოყენება, საარჩევნო ბლოკების აკრძალვის პირობებში, დაკავშირებულია არაერთ რისკთან, რაც უარყოფითად აისახება პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე. მათ შორისაა:

  • ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვა (არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური წარმომადგენლის გარეშე შეიძლება, დარჩეს);
  • ხმებისა და ადგილების მკვეთრად არაპროპორციულად განაწილება (ბარიერგადალახული პარტიები, 5%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიების ხმების ხარჯზე, საქართველოს პარლამენტში მათი მხარდაჭერის დონეზე მნიშვნელოვნად ჭარბი წარმომადგენლობით შევლენ, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზრდება „გამარჯვებულის ბონუსი“);
  • საპარლამენტო პარტიების რაოდენობის მინიმალიზაცია (მესამე და შემდგომი პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტირებული მხარდაჭერის პირობებში, პარლამენტში ადგილების მოპოვება შესაძლოა, სამზე მეტმა გაერთიანებამ ვერ შეძლოს);
  • პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება (5%-იანი ბარიერის დარჩენამ შესაძლოა, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ერთიან სიაში გაერთიანებისკენ უბიძგოს და გააღრმაოს ბიპოლარიზაცია)

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პარლამენტში შესვლის უფლება, 2020 წლის არჩევნების შედეგად, ცხრა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა, მათ შორის მხოლოდ 2 სუბიექტს ჰქონდა მიღებული ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტის მხარდაჭერა. სულ 5%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიებმა და საარჩევნო ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების 25%-მდე მიიღეს. მაშინ, როდესაც 2%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე ხმების მხოლოდ 8.46% განაწილდა.

„მესამე და შემდგომ ადგილებზე მყოფი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ამგვარი ფრაგმენტაციის პირობებში, 2024 წლიდანვე 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს საპარლამენტო პარტიების რიცხვს და გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას. მაგალითად, 2020 წლის არჩევნების პროპორციული კომპონენტის ხმების შედეგად ადგილები 5%-ზე მაღალი მხარდაჭერის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე რომ განაწილებულიყო, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ორი გაერთიანება მოხვდებოდა. ამომრჩეველთა 25% კი საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე დარჩებოდა“, – აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

ნახეთ ვრცლად, ორგანიზაციის შეფასებით რა რისკებსა და გამოწვევებს წარმოშობს არსებული წესის შესაბამისად არჩევნების ჩატარება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენა აქვს გავლილი. 2022 წლის 13 ივნისს განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

ცვლილებებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.

„[საქართველომ უნდა] უპასუხოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით“, – ასეთია ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია.

რეკომენდაციაა, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის მეტად გაუმჯობესება ეუთო/ოდირ-ის და ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებით;

რაც შეეხება „მიშელის შეთანხმებას“, ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთანხმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით გამართვას გულისხმობს.