ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი, კარიერული დიპლომატი გიგი გიგიაძე ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების მთავარი დირექტორატის (DG-NEAR) წარმომადგენლის, მიხაელ რუპის განცხადების შესახებ „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ევროკავშირშიც ხვდებიან, რომ საქართველო წლის ბოლომდე 12 პუნქტის შესრულებას ვერ მოახერხებს.
„ძალიან სამწუხაროა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველო ჩამორჩება ასოცირებულ ტრიოს, რომელშიც ერთ დროს ლიდერად ითვლებოდა. დარწმუნებული ვარ, უკრაინა და მოლდოვა წლის ბოლოს მიიღებენ დადებით შეფასებას, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ მათ დაიწყონ გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები. საქართველო აღმოჩნდება გაუგებარ რეალობაში.
ევროკავშირშიც ხვდებიან, რომ საქართველო არსებული მოცემულობით ვერანაირად ვერ მოახერხებს იმ 12 პუნქტის დასრულებას დარჩენილ დროში, 2022 წლის ბოლომდე. და უკვე სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ ევროკომისიის შეფასებამ გადაიწიოს 2023 წლის მანძილზე“, – ამბობს გიგი გიგიაძე.
შეკითხვაზე, რა მიზეზით გადაწია ევროკომისიამ საქართველოს შეფასების დრო, გიგი გიგიაძე ამბობს, რომ ამაზე პასუხი უჭირს.
EPRC-ის მკვლევრის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შეფასებისთვის „ზედმეტი და საფუძველს მოკლებული კომისიების“ შექმნა დაგეგმა, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა კი შემოდგომამდე გადაწია, რითაც ცხადი გახდა, რომ მმართველ გუნდს ამ რეკომენდაციების შესრულების მონდომება არ აქვს.
„დროის გაყვანის მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან და ეს ჩანს არა მარტო საქართველოში, ეს კარგად ჩანს ევროკავშირშიც, როგორც ჩანს, შესაბამისად, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის.
მე ადრეც ვამბობდი, რომ საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში 2022 წლის ბოლოს ვერ მიიღებდა დადებით შეფასებას. ახლა უფრო ნათელი ხდება, რომ ევროკომისია ამის გაკეთებას არ აპირებს 2022 წლის ბოლოს და დრო გაგვიხანგრძლივდა 2023 წელს.
ჩვენ ჯერ ჩამოვრჩებით უკრაინასა და მოლდოვას ერთი საფეხურით. მას შემდეგ რაც ისინი გადავლენ მოლაპარაკების ეტაპზე, საქართველო ჩამორჩება ორი ნაბიჯით. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დინამიკა არის სამწუხარო და სავალალო“, – ამბობს გიგიაძე.
ის „პუბლიკას“ განუმარტავს, რომ ასოცირებულ ტრიოში ჩამორჩენა იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი დაიშალა.
„ასოცირებული ტრიო არსებობს, მაგრამ ამ ტრიოში მოხდა სერიოზული დიფერენციაცია. ტრიოდან ორი ქვეყანა გადავიდა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, ხოლო საქართველო ჩამორჩა. ტრიო ერთად უკვე აღარ მოიაზრება ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების თვალსაზრისით ჩვენ სამივე ამ განზომილებაში ვიმყოფებით, სამივე ქვეყანა სხვადასხვა წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას“, – ამბობს ის.
გიგიაძის პოზიციით, ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებისგან სერიოზული გზავნილიც კი არ მიუღია, რომ ისინი ფიქრობენ 12 პუნქტის შესრულებაზე, მათგან ისმის შეკითხვები, ვინ მოიაზრება ოლიგარქად, დეპოლარიზაციის ნაცვლად კი პოლარიზაცია ღრმავდება. გიგი გიგიაძე ამბობს, რომ ამ დინამიკით საქართველო 2022 წლის ბოლოს დადებით შეფასებას ვერ მიიღებდა.
„ალბათ, ისინი ფიქრობენ, რომ არ დააჩქარონ საქართველო. არ ვიცი, როგორ ესმით მათ [ევროკომისიას], რომ 2023 წელს იგივე ხელისუფლება რატომ გადადგამს განსხვავებულ ნაბიჯებს და რატომ შეიცვლება მათი პოზიცია, ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, – ამბობს ის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიში 2022 წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნებულიყო.
ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილების შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დისკუსიაზე მიხაელ რუპმა განაცხადა. ის ევროკომისიის წარმომადგენელია.