ჩხიკვაძე ევროკომისიის ახალ გადაწყვეტილებაზე: საქართველოზე ანგარიში, სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე მომზადდება

პუბლიკა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიში 2022 წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნებულიყო.

ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილების შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დისკუსიაზე მიხაელ რუპმა განაცხადა. ის ევროკომისიის წარმომადგენელია.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელის, ვანო ჩხიკვაძის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის მეტი დრო აქვს და, სავარაუდოდ, ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ თავდაპირველად გაცხადებულ ვადებში ამ რეკომენდაციების შესრულების რესურსი ვერ დაინახა.

„ეს ნიშნავს, რომ ევროკომისია ხელისუფლებას 12 მიმართულებით რეფორმების შესრულებაზე უფრო მეტ დროს აძლევს და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მოცემული ვადა გადაიტანეს 2023 წელს. რადგან ასე გამოცხადდა და ღიად ითქვა ეს ევროპარლამენტში ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და არ მგონია, რომ რამე შეიცვალოს. თუმცა, როგორც თქვა რუპმა, თავის ამ გამოსვლაში, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ საქართველოს მონიტორინგს, როგორ ასრულებს რეფორმებს.

ვფიქრობ, რომ მივიდნენ იმ აზრამდე, რომ შესაძლოა, ამ 12 მიმართულებაზე კონკრეტული შედეგების დადებას გარკვეული დრო სჭირდება, უფრო მეტი, ვიდრე ფიქრობდნენ. განცხადებაშიც ეს იყო აღნიშნული – იმისთვის, რომ საქართველომ უფრო სიღრმისეულად გაიაზროს და უფრო სიღრმისეული რეფორმები დაგეგმოს და განახორციელოს უფრო მეტი დროა საჭირო“, – განუცხადა პუბლიკას ვანო ჩხიკვაძემ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ანგარიში 2023 წლის შემოდგომაზე მომზადდება. „ნახსენები იყო, რომ ეს იქნებოდა გაფართოების პაკეტში. გაფართოების ანგარიშები, რომლებიც მოიცავს ბალკანეთის ქვეყნებს და  უკვე მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ძველი გამოცდილებით 2023 წლის ბოლოსკენ, შემოდგომაზე მზადდება ხოლმე და, სავარაუდოდ, ახლაც ასე იქნება“,  – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.