ბერძენიშვილის და სამნიძის საქმეზე ბრალდებული სასამართლომ თავდებობით გაათავისუფლა

პუბლიკა

„რეპუბლიკელების“ ლიდერებზე, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე პოლიტიკური ნიშნით ძალადობაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუუქმდა. მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა გაიზიარა.

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების საფუძველი დაზარალებული დავით ბერძენიშვილის პოზიცია და მოძრაობა „აი იას“ თავდებობა გახდა. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს შეეფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მხრიდან გათვალისწინებული იქნა გარემოება, რომ ბრალდების მხარეს მომართა თავად დაზარალებულმა აღნიშნულის თაობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში თავად დაცვის მხარის შუამდგომლობა იქნა წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში და დაცვის მხარის შუამდგომლობას თავდებობით პატიმრობის შეცვლის თაობაზე დაეთანხმა ბრალდების მხარეც“, – განაცხადა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა.

ირაკლი ხომასურიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

შემთხვევა 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ.