ბერძენიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, ის სხდომიდანაც გააძევეს

პუბლიკა

„რეპუბლიკელების“ ლიდერებზე, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე პოლიტიკური ნიშნით ძალადობაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

პროცესის მიმდინარეობის დროს ბრალდებული ხომასურიძე სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მოსამართლის დადგენილების მიზეზი ირაკლი ხომასურიძის სიტყვით გამოსვლა გახდა. მოსამართლემ მას საუბრის შეწყვეტისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, შემდეგ კი უთხრა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ იყო და მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

თავის განცხადებაში ბრალდებულმა ისაუბრა, რომ დავით ბერძენიშვილმა და ხათუნა სამნიძემ მისი პროვოცირება მოახდინეს. გარდა ამისა, ბრალდებულმა პრეტენზიები გამოთქვა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების და მედიის მიმართ.

განჩინების გამოტანისას მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად განმარტა:

„გულწრფელად ვიტყვი, ვაპირებდი გასვლას სათათბირო ოთახში. ხაზგასმით მინდა ვთქვა, არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ აღარ გავალ სათათბირო ოთახში. იმის გათვალისწინებით, რაც თუნდაც ბრალდებულის ქმედებიდან და ნათქვამიდან დავინახეთ, ეს კაცი არის ყველაზე გაბრაზებული. შესაბამისად, თუ აქ გამოხატავს ასეთ გაბრაზებას და ჩემი არაერთი მოწოდებისა, დაწყნარებულიყო, მაქსიმალურად ვეცადე, დარჩენილიყო ბოლომდე პროცესზე, მაგრამ არ მომცა ამის საშუალება“, – განაცხადა მოსამართლემ, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა 28 ივლისს ჩაინიშნა.

ხომასურიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) აქვს წარდგენილი.