საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ვარშალომიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განხილვის მიზეზი არასაპატიო მიზეზით სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენა გახდა.
მისივე ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე 26 სხდომიდან ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.
ქადაგიშვილის თქმით, ენმ-ის ფრაქციას არ წარმოუდგენია რამე ცნობა, რაც ვარშალომიძის გაცდენებს საპატიოდ ჩათვილდა.
რაც შეეხება პოლიტიკურ ბოიკოტს, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ბოიკოტის საკითხიც რეგლამენტით რეგულირდება და ამ შემთხვევაშიც, არც პარლამენტის წევრს და არც მის ფრაქციას შესაბამისი ცნობა არ წარმოუდგენია.
კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომას გადაეგზავნება. ვარშალომიძეს უფლებამოსილება საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ შეუწყდება.
ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.
პარლამენტში პარტიას ადგილმონაცვლეები არ ჰყოლია ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის შემთხვევაშიც.