წიკლაური: თუ ვარშალომიძეს შეუწყვეტენ დეპუტატის უფლებამოსილებას, ენმ-დან არავინ შევა პარლამენტში

პუბლიკა

„ლევან ვარშალომიძეს აქვს პოლიტიკური ბოიკოტი, ამ პირობებში მისი პარლამენტიდან გაშვება არის პოლიტიკური დევნის დემონსტრირება, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შესაძლო შეწყვეტას.

„ეს არის პოლიტიკური დევნის დემონსტრირება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩახსნილია, ე.წ. სია და იმ შემთხვევაში, თუ ვარშალომიძეს შეუწყვეტენ დეპუტატის უფლებამოსილებას, „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ შევა პარლამენტში. ახლა ხდება კანონების გამოყენება იმისათვის, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური დევნა ოპონენტების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.

ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.

პარლამენტში პარტიას ადგილმონაცვლეები არ ჰყოლია ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის შემთხვევაშიც.

LB loan image desktop LB loan image mobile