პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გუშინ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ საქართველოში ოლიგარქიაზე და ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე საუბარი, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.
„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის პარლამენტის ზოგიერთ წევრზე, ეს არის რამდენიმე წევრი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიპათიით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც საუბარია ოლიგარქიაზე და ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე, ეს არის შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. ევროპარლამენტის ეს კონკრეტული წევრები ამით ამბობენ, რომ სინამდვილეში თითქოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები კი არ არიან ხელისუფლება, არამედ ეს არის ფასადი და ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას.
ეს არის ხელისუფლების შეურაცხყოფა, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ. მიკვირს, როდესაც რეაქციები უკვირთ შემდეგ. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ასე შეურაცხყოფით ესაუბრებიან, თითქოს დამოუკიდებლად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამას რომ ქართველი ხალხის სახელით ვუპასუხებთ, მგონი, არავის უნდა გაუკვირდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.