„დეოლიგარქიზაცია“ ნიშნავს „დებიძინიზაციას“ - იუკნევიჩიანე „ქართულ ოცნებას“

პუბლიკა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ესტონელმა პარლამენტარმა, სვენ მიკსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ისაუბრა.

სვენ მიკსერის მოხსენების შემდეგ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მცირე დებატები გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ლიეტუველი პოლიტიკოსი რასა იუკნევიჩიანე და დეოლიგარქიის შესახებ ისაუბრა.

„ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. მაგრამ ჩვენი კოლეგებისგანაც გვესმის, როგორ აწუხებთ მოვლენების განვითარება და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია. ასე რომ, თუკი „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს „დეოლიგარქიზაცია“, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის რეკომენდაციებში, მე შემიძლია დავეხმარო მათ ამის გაგებაში.

ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“. ეს არის ის, რაც სჭირდება ქართველ ხალხს, რომ არ იყვნენ ერთი პიროვნების მძევლებად.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, სადაც ნახსენები იყო სანქციები და გთხოვთ, რომ არ შევწყვიტოთ ამაზე ფიქრი და მუშაობა და მინდა ამაზე ევროკომისიისა და სხვა ინსტიტუტების ყურადღება მივაპყრო.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ გათავისუფლდეს, ღიად ვიტყოდი, კრემლისტური პოლიტიკისგან. რაც ძალიან ეხმარება კრემლს, რომ არ მისცეს ქვეყანას მომავალში ევროკავშირში გაწევრების საშუალება.

ჩვენ უნდა დავეყრდნოთ სამოქალაქო საზოგადოებას. ვხედავდით მცდელობებს, ხალხმა დაიწყო თვითორგანიზება და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაცია ჩაატარა. ასე რომ, სამოქალაქო საზოგადოებისგან ძალიან პოზიტიურ, ოპტიმისტურ მცდელობებს ვხედავ, ვფიქრობ, ისინი შეასრულებენ თავიანთ სამუშაოს და ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ევროპარლამენტარების შეთანხმებით, ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი მორიგ რეზოლუციას სექტემბერში მიიღებს. მანამდე, ევროპარლამენტარების თქმით, დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მათ რეზოლუციაში ასახავენ. ასე რომ, რეზოლუციის ტექსტზე ევროპარლამენტში 8 სექტემბრამდე იმსჯელებენ.