ავტორიტარიზმზე - ანუ გესმოდეს შენი შესაძლებლობები, იცნობდე მოწინააღმდეგეს და წინასწარ გეცოდინება ათასი ბრძოლის შედეგი

პუბლიკა

გიორგი მელაძე

ბევრს და ხშირად ვლაპარაკობთ თავისუფლებაზე. ამავე დროს, თითქმის არაფერს ვამბობთ ავტორიტარიზმზე, არადა, სულ იმას განვიცდით, რომ ავტორიტარიზმი გვემუქრება და არ  უნდა დავუშვათ. რა არის ავტორიტარიზმი? საიდან მოდის? როგორ მუშაობს? ამ კითხვებზე მე არაფერი მინახავს საქართველოს მედიასივრცეში, გარდა ერთი მტკიცებისა, რომელსაც დაბეჯითებით იმეორებს სხვადასხვა ავტორი: საქართველო ვერ გახდება ავტორიტარული ქვეყანა; ამის რესურსი მას არ აქვს.

რას ეფუძნება დღეს ეს მტკიცება, ჩემთვის გაუგებარია. მესმის, ადრე ქვეყნის მწირი ეკონომიკური შესაძლებლობა და დასავლეთთან მისი გარდაუვალი დაკავშირება იგულისხმებოდა, თუმცა დრო შეიცვალა. რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს; რუსი ოლიგარქი საქართველოს მართავს და საქართველოც აღარ არის განადგურებული ინსტიტუტების ნაგავსაყრელი. სწორედ ამიტომ ვიფიქრე, მცირე წერილი დამეწერა, სადაც ავტორიტარიზმზე, მის ნიშნებსა და ბუნებაზე მოვუყვებოდი მკითხველს.

ჯერ ტერმინით დავიწყოთ. ავტორიტარიზმის მსუყე გამოცდილებას ევროპაც ინახავს ხურჯინში. ტერმინიც ევროპულ სააზროვნო სივრცეში გაჩნდა,  როგორც სისტემის დამახასიათებელი, სადაც: პოლიტიკურ კონკურენტებს უსწორდებიან ძალით ან სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, პოლიტიკურ პლურალიზმს ებრძვიან ყოველგვარი საშუალებით; კანონის უზენაესობა მორღვეულია და აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთავრობას, ფართო დისკრეცია აქვს, ანუ შეუძლია, იყოს თავხედი და თავგასული. არ არსებობს მისი ქმედებების დამბალანსებელი; ლიდერი ასეთი რეჟიმის პირობებში ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მხსნელად“, ერის მამად“, ბრძენკაცად“… დაბოლოს უმნიშვნელოვანესი ნიშანი – რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი აქტივობა იდევნება.

მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლიტიკით დაინტერესებულ მკვლევრებს ასეთი საინტერესო დაკვირვებისა და ანალიზის შემოთავაზებისთვის. მათი დამსახურებითაა, რომ გვაქვს საზომი, რომლითაც შეიძლება, ვცადოთ და შევაფასოთ ჩვენს თავს დატეხილი დემოკრატიული ტრანზიცია.

პოლიტიკურ პლურალიზმთან ბრძოლა საქართველოს პოლიტიკის თანდაყოლილი ხალია. ვერ გაიხსენებთ პერიოდს, როცა პოლიტიკურ ოპონენტს პატივისცემითა და ღირსეულად ექცეოდნენ, დაწერილი წესებით ეთამაშებოდნენ და არჩევნებს, მეტ-ნაკლებად, არ უყალბებდნენ. კი, შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობდა უფრო მშვიდობიანი პერიოდებიც, როდესაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში რიგდებოდნენ და ამომრჩევლის ნების გაყალბებას დივიდენდებად ინაწილებდნენ, თუმცა პლურალიზმის ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი – მისი მიღება და აღიარება, როგორც ნორმალური მოვლენის, სულ რჩებოდა პოლიტიკურ პროცესში.

ქართული ოცნების მმართველობა ამით გამოირჩევა ყველა წინა პერიოდისგან. მან პოლიტიკური პლურალიზმი გამოაცხადა დაუშვებლად. ერთი მხრივ, გააერთიანა პოლიტიკური ჯგუფები ერთი ჯიბის გარშემო და მეორე მხრივ, ყველა სხვა ჯგუფის გაქრობა პოლიტიკურ მიზნად დაისახა. პოლიტიკური პლურალიზმის გაქრობაში, ნებით თუ უნებლიეთ, სამოქალაქო ჯგუფებიც აქტიურად მონაწილეობდნენ და დღემდე რჩება ბევრი ამ საქმის ერთგული. პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაცია საქართველოში რთული არ არის. დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესი პარტიებში თითქმის არ არსებობს. როგორც წესი, პოლიტიკური პარტია, ზოგადად, დახურული ორგანიზაციაა, ეწყობა საარჩევნო პროცესზე, არ გააჩნია გრძელვადიანი თვალთახედვა და ა.შ. კრიტიკა შეიძლება, დაუსრულებლად გაგრძელდეს. ფაქტია, ქართულმა ოცნებამ თავისი პოლიტიკური კამპანია ნაციონალური მოძრაობის განადგურების ლოზუნგით წარმართა, ამ იდეას ავითარებს დღემდე და საკანონმდებლო ბერკეტებით დაწყებული, მოსყიდვითა და კრიმინალური შანტაჟით დამთავრებული, ყველა გზის გამოყენებით ცდილობს მიზნის მიღწევას. პოლიტიკური პლურალიზმის იდეის შესანარჩუნებლად კი პერიოდულად იქმნება პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, ხან ულტრარადიკალური, ხან პირდაპირ პრორუსული დღის წესრიგით, რომელთაც სახელმწიფო სისტემა ფართო სამოქმედო არეალს, ფარულ დაფინანსებას და კანონის დარღვევის პრივილეგიასაც დაუნანებლად უნაწილებს.

მორღვეულ კანონის უზენაესობაზე, ალბათ, ბევრი წერა არც გვჭირდება. კარგად ვიცით, რომ ეს სისტემა საბჭოთა კავშირის შემდეგ ვერც შედგა, როგორც კანონის სიტყვით და პროფესიული ღირსების კარნახით მომუშავე ინსტიტუტი. კანონის დამცველი ინსტიტუტები დისკრედიტებულია; მათ მიმართ დაკარგულია ნდობა და ჯერჯერობით, არ ყოფილა ძვრა, რომელიც ამ სამწუხარო ტენდენციას შეაბრუნებდა. სასამართლოში წარმოებული პოლიტიკური პროცესები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სახელმწიფოს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე მაშინაც, როცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები.

თავგასული მთავრობის თემაზე ლაპარაკიც არ არის სიახლე. მთავრობა სულ თავგასული გვყავდა და ეს პოლიტიკურ ნორმადაც მიიჩნევა. არც მესიანისტური ლიდერები გვაკლდა და ივანიშვილიც არ გვიკვირს ერის მამობას, მხსნელობას და ბრძენ-კაცობას რომ იმატებს ტიტულების ჩამონათვალში.

მაშ, რა ვქნათ? განწირულები ვართ ავტორიტარიზმისთვის? იქნებ, უკვე ვართ ავტორიტარიზმში და ვერ გაგვიგია? იქნებ, დარჩენილი სივრცეები, სადაც პროტესტს გამოვთქვამთ, პოზიციას გამოვხატავთ, ვმუშაობთ გვიქმნის ილუზიას და გვატყუებს? იქნებ, ამ ყველაფრის გარშემო უკვე შენდება ავტორიტარული კედლები და სულ მალე გუმბათიც გადაიხურება? იქნებ, ის ჭიანჭველები ვართ, საკუთარ ბუდეს რომ ვაშენებთ სხვისი სახლის კედელში გათხრილ ჭუჭრუტანაში?

ავტორიტარიზმის კიდევ ერთი თვისება უნდა ვახსენოთ აქ – მისი უარყოფა. ავტორიტარიზმი შეიძლება, უარყო და უარყო უსასრულოდ. არ მიიღო, როგორც რეალობა და კბილებით ჩაებღაუჭო იმედს, რომ ააშენებ შენს სოროს, ბუდეს და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა, როგორც კედლის მთხრელ ჭიანჭველას, ყველა ასეთ ფუჭ იმედსა და ოცნებასაც დამდუღვრა ელის, მაგრამ ამ რეალობისთვის თვალის გასწორება არ გინდა. არ გინდა, დაიჯერო, რომ უმწეო ხარ და არსებობს ძალა, რომელსაც ვერ უპირისპირდები. ეს გრძნობა თუ ერთხელ უკვე დაგეუფლა და შეგეშინდა, დიდხანს მიგყვება შიშის გრძნობა და ყოველი ძალით ცდილობ, უარყო რეალობა, რომ კიდევ არ შეშინდე, თორემ მთელი სისტემა, ცხოვრება თავზე ჩამოგემხობა და გეშინია, რომ ნანგრევებიდან ვეღარ ამოხვალ.

ამ შიშზე შენდება ავტორიტარიზმი. ამ შიშს იყენებს საწვავად და ენერგიად და ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომ გააძლიეროს შიში იმ ნიშნულამდე, როცა გუმბათის დასადგმელად იქნება მზად. ამ მომენტისთვის მას მყარი კედლები უკვე უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუმბათი ჩამოეშლება. კედლების შენებას დრო სჭირდება და ამ დროს იგებს ფუჭი იმედებისა და ოცნებების გავრცელებით, პოლიტიკური კინკლაობის წახალისებით, კორუფციითა და საზოგადოებაში შუღლის ჩამოგდებით.

დღეს საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის კედლების მშენებლობა ბოლოსკენ გადის. გუმბათის დადგმის დრო ახლოვდება და რელიგიურ-კრიმინალურ-ოლიგარქიული ტრიუმვირატიც მზადაა, გუმბათის დადგმა თავის თავზე აიღოს. ამის მერე ყველა სამოქალაქო მოძრაობა გახდება პარტიზანული მოძრაობა ან გაქრება. უფრო გაქრება, რადგან პარტიზანული ცხოვრების არც კულტურა გვაქვს და არც გამოცდილება. 

იმ დროს, როცა გაქრება აზრების გაცვლისა და მსჯელობის სივრცე, ალაპარაკდება უხეში ძალა და ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამ სცენარისთვის ემზადება. საქართველო უნდა გახდეს რუსი ოლიგარქების კურორტი, სადაც პოლიტიკური პოლიცია და სასამართლო ზრუნავენ მათ სამართლებრივ უსაფრთხოებაზე, კრიმინალები და ეკლესია კი – არჩევნებზე.

ცუდი სიზმარია? 

ყველა, ვინც დღეს თავს აძალებს, ცოტა უფრო მეტი იკითხოს და იფიქროს, კარგად გრძნობს, რომ საზოგადოებაში მომწიფდა ავტორიტარულ სისტემაში ცხოვრებისა და გადარჩენის იდეა და მომხრეების, მოსყიდულებისა და დაშინებულების რაოდენობა მალე საკმარისი იქნება, რომ ავტორიტარიზმი ფორმალურად გაფორმდეს. ჰო, ნუ გაგიკვირდებათ, თუ კონსტიტუციური ცვლილებებით მივიღებთ პარლამენტს, სადაც ივანიშვილის დეპუტატები, ნაკლები მხარდაჭერის პირობებშიც,, მთავრობას დააკომპლექტებენ ერთპიროვნულად; მთავრობა შექმნის კანონის ძალის მქონე აქტებს, ასეთი აქტებით მოაწესრიგებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და პერიოდულად გამოგვიცხადებენ საგანგებო მდგომარეობას, როცა გადაადგილებაზე დაწესდება მკაცრი კონტროლი და გულუხვი სასჯელი.

შეიძლება ავტორიტარიზმთან დაპირისპირება ნაკლები დანაკარგით, თუ ხელი ჩავიქნიოთ და შევუერთდეთ ემიგრანტების გრძელ რიგს? ავტორიტარიზმთან დაპირისპირება, ბრძოლა და მისი დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ამაზე ცალკე უნდა დავწეროთ, რადგან გრძელი წერილის კითხვა ცოტა უსიამოვნო ამბავია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს.