არ ვარ დარწმუნებული, რამდენად განსხვავებულები არიან მთავრობისგან - დეგნანი „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

პუბლიკა

ბრალდებები, რომლებიც ბოლო დროს გაკეთდა აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვას, მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით. ელჩის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„რაც შეეხება ამ ჯგუფს, არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი. აშშ საქართველოს ბევრი წელია, ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეს ასევე მოიცავს მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რამდენად განსხვავებულები არიან მთავრობისგან. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბრალდებები, რომლებიც მათ ბოლო დროს გააკეთეს აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ამერიკა მუშაობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკური სპექტრის ირგვლივ. ასე შეგვიძლია, უკეთესად დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას ვაკეთებთ ქართველ პარტნიორებთან 30 წელიწადია და ამის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებშიც. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომელზეც ჩვენ გვაკისრებენ პასუხისმგებლობას პოლარიზაციაზე, რომელიც აქ არის, არის გადაბრალების მცდელობა ჩვენზე და დასავლელ პარტნიორებზე მათგან, ვინც იცის, რომ თავად არიან პასუხისმგებლები“, – განაცხადა დეგნანმა.

„ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“, – აღნიშნულია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის – „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

წერილში ისინი წერენ, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერაა გამოყენებული, ხოლო „რეკომენდაცია“ – 9-ჯერ, რაც, მათი აზრით, უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას წარმოაჩენს.