აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენაა მიმართული - დეპუტატები

პუბლიკა

„ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“, – აღნიშნულია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის – „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

წერილში ისინი წერენ, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერაა გამოყენებული, ხოლო „რეკომენდაცია“ – 9-ჯერ, რაც, მათი აზრით, უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას წარმოაჩენს.

„რა თქმა უნდა, საელჩო შეიძლება გამოთქვამდეს მოსაზრებებს საქართველოს კანონმდებლობის შესახებ, თუმცა სუვერენულ სახელმწიფოში მოქმედი და სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემით გამსჭვალული საელჩო რეკომენდაციების გაცემისას მხოლოდ სამართლიანობის ასპექტით უნდა შემოიფარგლებოდეს, ხოლო მიზანშეწონილობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს. კერძოდ, საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს.

სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში უშუალოდ ისხდნენ და კანონშემოქმედებით პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. სუვერენულ სახელმწიფოში ასეთი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია, როგორი სტრატეგიულიც არ უნდა იყოს პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა სამომავლოდ მაინც აღიკვეთოს და კანონები, დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ იმ სახელმწიფო ინტიტუტების წარმომადგენლების მიერ დაიწეროს, რომლებსაც შესაბამისი ლეგიტიმაცია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აქვთ მინიჭებული.“

აქვე ნათქვამია, რომ საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში „არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი“, თუმცა ყურადღებას სამ საკითხზე ამახვილებენ, ესენია: მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა.